ევროკავშირი, საფრანგეთი და აშშ ბრიტანეთს „ბრექსითის“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შერულებისკენ მოუწოდებენ
ევროკავშირის ლიდერებმა ბრიტანეთის პრემიერს „ბრექსითის“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შერულებისკენ მოუწოდეს.
ინფორმაციას სააგენტო „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
ევროკომისიის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებმა ბორის ჯონსონთან შეხვედრისას განაცხადეს, რომ ირლანდიის კუნძულზე მშვიდობას ევროკავშირისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს და ბრიტანეთის პრემიერს ბელფასტის შეთანხმების დაცვისკენ მოუწოდეს.
ბელფასტის შეთანხმება 1998 წელს დაიდო და ირლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიას შორის საზღვარზე მკაცრი შეზღუდვების არარსებობას გულისხმობს. დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ჩრდილოეთ ირლანდია ევროკავშირის ერთიანი სავაჭრო სივრცის ნაწილად უნდა დარჩენილიყო.
აღნიშნული შეთანხმება დიდმა ბრიტანეთმა დაარღვია, როდესაც ჩრდილოეთ ირლანდიაში პროდუქციის მიწოდებისას შემოწმების გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო. „ბრექსითის“ ხელშეკრულების და საერთაშორისო სამართლის დარღვევის გამო, ევროკავშირმა დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ სარჩელიც შეიტანა. ბორის ჯონსონი კი მიიჩნევს, რომ ბელფასტის ხელშეკრულება მოძველებულია და უნდა გადაიხედოს.
„ბრექსითით“ გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისკენ ბრიტანეთის პრემიერს ემანუილ მაკრონმაც მოუწოდა. საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის დავა ლა-მანშის ყურეში თევზჭერის უფლების გამო მიმდინარეობს.
ჩრდილოეთ ირლანდიის პროტოკოლის დაცვისკენ ბრიტანეთს ვაშინგტონიც მოუწოდებს და მიიჩნევს, რომ ლონდონსა და ბრიუსელს შორის დავამ შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას „ბრექსითის“ შეთანხმებას.