ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სასანქციო სიას სავარუდოდ, 14 მაისს გააფართოებს
ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სასანქციო სიას სავარუდოდ, 14 მაისს გააფართოებს. ახალი შეზღუდვები იმ პირებს დაუწესდებათ, რომლებიც რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში რუსეთის პრეზიდენტის არჩევნების ჩატარების ორგანიზატორები იყვნენ. ინფორმაციას ამის შესახებ Укрінформ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროს ინფორმაციით, პროექტი სასანქციო სიის გაფართოების შესახებ ევროკაშირის საბჭოში დღეს შევიდა და მას ორშაბათს დაამტკიცებენ.
საუბარია ხუთ პირზე, რომლებიც რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე, რუსეთის პრეზიდენტის არჩევნების ორგანიზებაში იყვნენ ჩართულები.
ამჟამად, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რამდენიმე პაკეტია დაწესებული: ეკონომიკური, ინდივიდუალური და ყირიმის ანექსიის გამო შემოღებული სანქციები.
სანქციების ნაწილი ექვსი თვით, ნაწილი კი ერთი წლის ვადით არის დაწესებული და მათ მოქმედებას რეგულარულად ახანგრძლივებენ.