ვწუხვართ, რომ ბოლო პერიოდში ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ განვითარებულმა მოვლენებმა უსაფრთხოების საერთო მდგომარეობაზე უარყოფითად იმოქმედა, – ამის შესახებ ევროკავშირის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც საქართველოში შექმნილი ვითარების შესახებ ვენაში, ეუთო-ს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე გაკეთდა.
განცხადება საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ევროკავშირი აქტიურადაა ჩართული გუგუტიანთკარისა და ჩორჩანა/წნელისის უაღრესად შემაშფოთებელ ბოლოდროინდელ მოვლენებში.
„რუსეთის მესაზღვრეების მხარდაჭერით სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ ღობეების აღმართვა აბრკოლებს ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებას და მათი მთავარი საარსებო წყაროს – ხეხილის ბაღებისა და წყლის რესურსების ხელმისაწვდომობას აღკვეთავს. ასეთი ქმედებები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და რუსეთის ფედერაციას მოვუწოდებთ, რომ პროცესების წინანდელ მდგომარეობაში დასაბრუნებლად ჩაერთოს.
მოვუწოდებთ ყველა შესაბამის მხარეს, გააგრძელოს კომუნიკაციის ყველა არსებული საშუალების, მათ შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების გამოყენება. დაძაბულობის შემცირებისა და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის გამოწვევების გადასაჭრელად დიალოგი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამ კონტექსტში, ჩვენ მივესალმებით ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მუშაობას და მოვითხოვთ გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის საქმიანობის განახლებას წინაპირობების და შემდგომი შეფერხების გარეშე.
აღმაშფოთებელია, რომ ადამიანის უფლებები და ჰუმანიტარული მდგომარეობა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ქართულ რეგიონებში კვლავ უარესდება. ბორდერიზაციის აქტიური განხორციელება, გაზრდილი სამხედრო წარმომადგენლობა, ადმინისტრაციული საზღვრების გადაკვეთის პუნქტებზე განუწყვეტელი შეზღუდვები, გადაუჭრელი საკითხები დოკუმენტაციასთან დაკავშირებით, რომელიც ეთნიკური ქართველების ინტერესებს აზიანებს, ქართულ სკოლებში მშობლიურ ენაზე სწავლების განდევნა, თვითნებური დაკავებების გაგრძელება და დევნილთა უფლებების განხორციელების დაბრკოლება შემდგომ ძალისხმევას საჭიროებს. ევროკავშირი კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთის ფედერაციასა და დე-ფაქტო ხელისუფლებას, შეწყვიტონ ქმედებები ამ მიმართულებით. კვლავ გამოვხატავთ შეშფოთებას გალის რაიონში რუსეთის ფედერაციის მესაზღვრეებთან პატიმრობაში ყოფნისას საქართველოს მოქალაქის, კვარაცხელიას გარდაცვალების გამო და მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, უზრუნველყოს სწრაფი გამოძიება და სრული გამჭვირვალობა ამ ტრაგიკული ინციდენტის გარემოებებთან დაკავშირებით. ევროკავშირი ასევე შეშფოთებულია საქართველოს მოქალაქეებთან (2018 წელს ტატუნაშვილთან და 2016 წელს ოთხოზორიასთან) დაკავშირებული ფატალური ინციდენტების დაუსჯელობის გამო და კვლავ მოვუწოდებთ ამ საქმეების, ისევე როგორც 2014 წლის ბაშარულის საქმის სრულყოფილი გამოძიებისკენ სამართლიანობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, აღნიშნულია, რომ ევროკავშირი არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და იურიდიულ ჩარჩოებს, რომელშიც აფხაზეთის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა.
„ხაზგასმით ვიმეორებთ, რომ ევროკავშირი არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და იურიდიულ ჩარჩოებს, რომელშიც საქართველოს აფხაზეთის რეგიონში 25 აგვისტოს ჩატარდა ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნები”, 8 სექტემბერს გათვალისწინებული მეორე ტურის ჩათვლით. ანალოგიურად, ჩვენ არ ვაღიარებთ საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონში 9 ივნისს ჩატარებული ე. წ. „საპარლამენტო არჩევნების“ ლეგიტიმურობას. აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონებში დე ფაქტო ხელისუფლებათა გადაწყვეტილებები ე. წ. „არჩევნების“ ჩატარების შესახებ საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების უწყვეტ ძალისხმევას ეწინააღმდეგება.
11 წელი გავიდა რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტის შემდეგ, რომელიც სამწუხაროდ კვლავ გადაუჭრელია. ევროკავშირი გამოხატავს ამ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ურყევ მხარდაჭერას ეუთო-ს პრინციპებისა და ვალდებულებების და საერთაშორისო სამართლის ძირითადი ნორმების შესაბამისად. სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის საქმიანობის და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში მისი თანათავმჯდომარეობის, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობის საშუალებით ჩვენ პროცესებში კვლავაც ჩართულნი ვართ. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ადგილზე ერთადერთი საერთაშორისო წარმომადგენლობაა, რომელიც კონფლიქტის მხარეებს შორის სტაბილიზაციის, ნორმალიზაციისა და ნდობის აღდგენაში წვლილის შეტანას დაუღალავად აგრძელებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ევროკავშირი კიდევ ერთხელ აფიქსირებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ასევე მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს „ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებით“ ნაკისრი ვალდებულებები.
„კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს შეასრულოს, 2008 წლის 12 აგვისტოს „ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებით” ნაკისრი ვალდებულებები და 2008 წლის 8 სექტემბრის „შემდგომი განხორციელების ღონისძიებები“. ევროკავშირი ასევე ითხოვს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (თავისი მანდატის შესაბამისად), ისევე როგორც ადამიანის უფლებების მონიტორინგის მექანიზმების, ჰუმანიტარული და სამოქალაქო საზოგადოების სხვა ორგანიზაციების დაშვებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ჩათვლით“, – აღნიშნულია ევროკავშირის განცხადებაში.