ევროკავშირი - რუსეთი და ჩინეთი კორონავირუსის შესახებ კონსპირაციულ თეორიებს ავრცელებენ
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურში აცხადებენ, რომ რუსეთისა და ჩინეთის სახელმწიფოს მხარდაჭერით მოქმედი მედია ევროკავშირისა და მის სამეზობლოში ცრუ ინფორმაციას და კონსპირაციულ თეორიებს ავრცელებს.
ევროკავშირის სტრატკომის დანაყოფი, რომელიც დეზინფორმაციასთან ბრძოლაზე მუშაობს, ანგარიშს დღეს წარადგენს.
როგორც „პოლიტიკოს“ ჟურნალისტები იუწყებიან, რომლებიც ანგარიშის სამუშაო ვერსიას გაეცნენ, დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთის „ოფიციალური წყაროები და სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი მედია კოორდინირებულ კამპანიას ატარებენ და ყალბ ინფორმაციას ავრცელებენ“.
როგორც ევროკავშირის ექსპერტები ამბობენ, დეზინფორმაციული კამპანიის მსხვერპლი „მცირე მედია ბაზრებია, როგორც ევროკავშირში, ისე მის გარეთ, სადაც ტექნოლოგიური კომპანიები ამ კამპანიის საწინააღმდეგო ზომებს არ იღებენ“.
„სტრატკომის“ ცნობით, დეზინფორმაცია, რომელიც ჩინეთიდან მოდის, ქვეყნის იმიჯის გაუმჯობესებას ემსახურება.
ანგარიშის ავტორები აცხადებენ, რომ ცრუ ინფორმაცია საზოგადოებრივ ჯანდაცვასა და უსაფრთხოებაზე ნეგატიურად აისახება.