ევროკავშირი - ქერჩის ხიდის აშენებით რუსეთმა კიდევ ერთხელ დაარღვია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა
ქერჩის ხიდის აშენებით რუსეთმა კიდევ ერთხელ დაარღვია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში, რომელიც საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის პრესსამსახურმა გაავრცელა.
„რუსეთის ფედერაციამ ყირიმის ნახევარკუნძულთან დამაკავშირებელი ქერჩის ხიდი უკრაინის თანხმობის გარეშე ააშენა. ეს რუსეთის მხრიდან უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის კიდევ ერთ დარღვევას წარმოადგენს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ევროკავშირში მიიჩნევენ, რომ ხიდის აშენების მიზანს ანექსირებული ნახევარკუნძულის რუსეთთან იძულებითი ინტეგრაცია და ურაინისგან იზოლაცია წარმოადგენს.
გარდა ამისა, საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ ხიდი ქერჩის სრუტეს გავლით აზოვის ზღვაში მდებარე უკრაინულ პორტებში გემების გავლას ზღუდავს.
ქერჩის ხიდის გახსნის ცერემონიაში დღეს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მონაწილეობდა.