ევროკავშირი ქართული საწარმოების აკრედიტაციის შესაძლებლობას განიხილავს
ევროკავშირი ქართული საწარმოების აკრედიტაციის შესაძლებლობის განხილვას იწყებს, რასთან დაკავშირებული პროცედურებიც უახლოეს მომავალში დაიწყება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ევროკომისარი ვაჭრობის საკითხებში სესილია მალმსტრომი დღევანდელი შეხვედრისას შეთანხმდნენ, რომელიც ბრიუსელში, ევროკომისიაში გაიმართა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ევროკავშირის აკრედიტაციის სტანდარტების დაკმაყოფილება საწარმოებს საშუალებას მისცემს, საკუთარი პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე განახორციელონ.
პრემიერ-მინისტრმა და ევროკომისარმა შეხვედრისას ასევე ისაუბრეს საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული შესაძლებლობების გამოყენებაზე და ხაზი გაუსვეს ამ მიმართულებით არსებულ პროგრესს. განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული მზარდი სავაჭრო დინამიკა – კერძოდ, ის ფაქტი, რომ 2017 წლის განმავლობაში, საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტი 13%-ით გაიზარდა და ჯამში 647 მილიონი დოლარი შეადგინა.
ასევე, ხაზი გაესვა ინვესტიციების კუთხით არსებულ დადებით ტენდენციას, რაც ევროპიდან ინვესტიციების 6%-იან ზრდაში გამოიხატა და 2017 წლის განმავლობაში დაახლოებით 445 მილიონ დოლარს მიაღწია.
მხარეებმა გამოთქვეს რწმენა, რომ საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში არებული პოზიტიური დინამიკა გაგრძელდება და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების წარმატებული იმპლემენტაცია ქართულ საწარმოებს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს მისცემს. შეხვედრას საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე დაესწრნენ.