ევროკავშირი მზად არის, ითანამშრომლოს თურქეთის პრეზიდენტთან და ახალარჩეულ პარლამენტთან
ევროკავშირი მზად არის, ითანამშრომლოს თურქეთის პრეზიდენტთან და ახალარჩეულ პარლამენტთან, რათა პასუხი გასცენ მათ წინაშე არსებულ ერთობლივ გამოწვევებს, თუმცა ამავე დროს ევროკავშირში აღნიშნავენ, რომ თურქეთში წინასაარჩევნო კამპანიის პირობები არათანაბარი იყო. ამის შესახებ ნათქვამია საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ფედერიკა მოგერინისა და გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისრის, იოჰანეს ჰანის ერთობლივ განცხადებაში.
„თურქეთში საყოველთაო და საპრეზიდენტო არჩევნებმა აჩვენა ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა და არჩევნებში მონაწილე კანდიდატებისა და პარტიების ფართო სპექტრი. ამან დაადასტურა თურქი ხალხის ძლიერი კავშირი დემოკრატიულ პროცესებთან და სამოქალაქო თავისუფლებებისკენ, ასევე კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური თავისუფლებებისკენ მათი მისწრაფება“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამავე დროს, ევროკავშირის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიამ დააფიქსირა, რომ ამომრჩევლებს ჰქონდათ რეალური არჩევანი, თუმცა აგიტაციის ჩატარების პირობები არ იყო თანაბარი. ამას გარდა, ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის გამო შეზღუდული იყო შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება.