ევროკავშირი მოუწოდებს „თალიბანს“, ქალაქებზე იერიში დაუყოვნებლივ შეწყვიტოს და მოლაპარაკებები წამოიწყოს
ევროკავშირი მოუწოდებს მოძრაობა „თალიბანს“, ქალაქებზე იერიში დაუყოვნებლივ შეწყვიტოს და მოლაპარაკებები წამოიწყოს. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.
„ევროკავშირი მოუწოდებს „თალიბანს“, დაუყოვნებლივ განაახლოს არსებითი, რეგულარული და სტრუქტურული მოლაპარაკებები და ასევე მოუწოდებს მოძრაობას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ძალადობა და დაუბრუნდეს სამშვიდობო ზავს. ეს თავდასხმები ავღანეთის მოქალაქეების ტანჯვას იწვევს, რაც მიუღებელია და ხელს უწყობს იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების რიცხვის ზრდას“, – ნათქვამია ბორელის განცხადებაში.
ევროკავშირი მოუწოდებს ავღანეთის ხელისუფლებას, პოლიტიკური უთანხმოება სხვადასხვა მხარეების წარმომადგენლობის გაზრდის გზით მოაგვაროს. ამასთან, ევროკავშირი აფრთხილებს, „თალიბანი“ ძალისმიერ გზით თუ ჩაიგდებს ძალაუფლებას ხელში, მას ელის „არაღიარება და იზოლაცია“.
„თალიბანს“ არ ექნება საერთაშორისო მხარდაჭერა. ავღანეთს კი მოელის კონფლიქტის გახანგრძლივების პერსპექტივა და გაჭიანურებული არასტაბილურობა“,- აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ უკანასკნელი ცნობებით, ავღანეთში მოძრაობა „თალიბანმა“ დაიკავა 11 პროვინციის დედაქალაქი. მათ შორის დღეს თალიბებმა აიღეს ავღანეთის სიდიდით მესამე ქალაქი ჰერათი და აცხადებენ, რომ აკონტროლებენ ყანდაღარსაც.