ევროკავშირი მოუწოდებს ჩრდილოეთ კორეას, შეწყვიტოს რუსეთის უკანონო საომარი ძალისხმევის მხარდაჭერა
ევროკავშირი მოუწოდებს ჩრდილოეთ კორეას, შეწყვიტოს რუსეთის უკანონო საომარი ძალისხმევის მხარდაჭერა, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელის, ჯოზეფ ბორელის განცხადებაშია აღნიშნული.
ბორელი ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთში ჯარების გაგზავნის შესახებ გავრცელებულ ცნობებებს ეხმაურება.
„ევროკავშირი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს ცნობების შესახებ, რომლის თანახმადაც, ჩრდილოეთ კორეა ჯარებს აგზავნის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო აგრესიულ ომში მონაწილეობის მისაღებად. ეს წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის, მათ შორის გაერო-ს წესდების ფუნდამენტური პრინციპების სერიოზულ დარღვევას. ეს იქნება ჩრდილოეთ კორეის ცალმხრივი მტრული აქტი, რომელსაც სერიოზული შედეგები მოჰყვება ევროპული და გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის. ეს მოვლენა კიდევ ერთხელ აჩვენებს, როგორ ავრცელებს რუსეთი არასტაბილურობას და ესკალაციას რეგიონსა და მთელ მსოფლიოში“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი მკაცრად გმობს ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთს შორის გაღრმავებულ სამხედრო თანამშრომლობასა და იარაღის მიწოდებას, რაც აშკარად არღვევს გაერო-ს უშიშროების საბჭოს მრავალ რეზოლუციას.
„რუსეთის გაღრმავებული სამხედრო თანამშრომლობა ჩრდილოეთ კორეასთან ნათელ გზავნილს შეიცავს: მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნის გამოხატვის მიუხედავად, რუსეთი გულწრფელად არ არის დაინტერესებული სამართლიანი, ყოვლისმომცველი და ხანგრძლივი მშვიდობით. პირიქით, რუსეთი ახდენს ესკალაციას და ეძებს ნებისმიერ დახმარებას თავისი ომისთვის, მათ შორის იმ აქტორებისგან, რომლებიც სერიოზულად არღვევენ გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.