ევროკავშირი მოსკოვისგან კენჭისყრის პროცედურისას დაფიქსირებული ყველა დარღვევის გადახედვას ელოდება
ევროკავშირი მოსკოვისგან ხმის მიცემის პროცედურისას დაფიქსირებული ყველა დარღვევის გადახედვას ელოდება. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა, პიტერ სტანომ განაცხადა.
პიტერ სტანოს თქმით, ხმის მიცემისას დაფიქსირდა იძულების წესით ხმის მიცემის, ასევე, ორმაგი ხმის მიცემისა და ანონიმურობის წესის დარღვევის ფაქტებიც. ასევე, დაფიქსირდა პოლიციის მიერ ერთ-ერთი ჟურნალისტის მიმართ ძალადობის ფაქტიც.
ევროკავშირი ასევე აღნიშნავს, რომ არ აღიარებს ყირიმის ტერიტორიაზე ჩატარებულ კენჭისყრას, სადაც რუსეთმა მოსახლეობას რუსეთის პასპორტები უკანონოდ დაურიგა და ყირიმს უკრაინის ნაწილად მიიჩნევს.
„დოიჩე ველე“ წერს, რომ ბრიუსელში გმობენ იმ ფაქტს, რომ არ იყო დაშვებული აგიტაცია არც შესწორების წინააღდეგ და არც მის სასარგებლოდ, რათა მოსახლეობას უფრო ინფორმირებული არჩევანი გაეკეთებინა.
სტანომ ასევე აღნიშნა, რომ შეცვლილი კონსტიტუციით, რუსეთის სასამართლოს გადაწყვეტილება უპირატესია საერთაშორისო სასამართლო გადაწყვეტილებებზე და შეთანხმებებზე, მათ შორის ევროპული კავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებებზე. ევროკავშირმა რუსეთს ამ პუნქტის ამოღებისკენ მოუწოდა.
„ჩვენი ველით, რომ მიუხედავად იმისა, შეიტანს თუ არა რუსეთი ცვლილებებს კონსტიტუციაში, ის მაინც შეასრულებს საერთაშორისო მოვალეობებს, მათ შორის, დაემორჩილება ევროპული კავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებებს“, – განაცხადა პიტერ სტანომ.
საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატივით რუსეთის პრეზიდენტი მიმდინარე წლის იანვარში გამოვიდა. ქვეყნის მთავარ კანონში ცვლილებების შეტანა ვლადიმერ პუტინს პრეზიდენტობის ვადების განულების შესაძლებლობას მისცემს. ამგვარად, ის პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნას 2036 წლამდე შეძლებს.