ევროკავშირი MH17-ის ჩამოგდების მეათე წლისთავზე კვლავ მოუწოდებს რუსეთს, მომხდარზე პასუხისმგებლობა აიღოს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი 2014 წლის 17 ივლისს დონბასში „მალაიზიის ავიახაზების“ MH17 რეისის ჩამოვარდნის 10 წლისთავს გამოეხმაურა.
ბორელმა კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს, ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა აღიაროს და მართლმსაჯულების აღსრულებაში სრულად ითანამშრომლოს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიების ფარგლებში წარდგენილი მტკიცებულებების თანახმად, სისტემა „ბუკი“, რომელიც გამოიყენებოდა „ბოინგის“ ჩამოგდების დროს, ეჭვს გარეშეა, რომ ეკუთვნოდა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს.
ბორელის განცხადებით, სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტებიდან ყურადღებას ვერცერთი რუსული დეზინფორმაციული ოპერაცია ვერ გადაიტანს.
„ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის სრულ მხარდაჭერას ყველა იმ ძალისხმევის მიმართ, რომელიც მიმართულია ჭეშმარიტების, სამართლიანობისა და ანგარიშვალდებულების დადგენისკენ გაერო-ს უშიშროების საბჭოს 2166 რეზოლუციის შესაბამისად“, – ნათქვამია განცხადებაში.