ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ლუკაშენკოს რეჟიმს სანქციების ახალ პაკეტს დაუწესებენ.
„ჩვენი სამიზნეა კიდევ ერთი აგრესორი ამ ომში – ლუკაშენკოს რეჟიმი, რომელიც არის უკრაინაზე თავდასხმის თანამონაწილე. ასე რომ, ჩვენ დავუწესებთ ლუკაშენკოს რეჟიმს სანქციების ახალ პაკეტს. ჩვენ წარმოვადგენთ შემზღუდავ ზომებს ყველაზე მნიშვნელოვანი სექტორების წინააღმდეგ. ეს შეაჩერებს ისეთი პროდუქტების ექსპორტს, როგორიცაა მინერალური საწვავი, თამბაქო, ხე-ტყის მასალა, ცემენტი, რკინა და ფოლადი“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ურსულა ფონ დერ ლაიენის განმარტებით, ასევე ბელარუსზე გაავრცელებენ შეზღუდვებს, რომლებიც დააწესეს რუსული ორმაგი დანიშნულების პროდუქტების ექსპორტზე, რათა თავიდან აიცილონ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლა.
„დამატებით, ჩვენ სანქციებს დავუწესებთ ბელარუსის იმ მოქალაქეებს, რომლებიც ეხმარებიან რუსეთის საომარ ძალისხმევას. ყველა ეს ზომა ემატება მკაცრი სანქციების პაკეტს, რომელიც წუხელ წარმოგიდგინეთ და რომელიც ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა შეათანხმეს. ეს პაკეტი ითვალისწინებს სვიფტის სისტემიდან მნიშვნელოვანი რუსული ბანკების გათიშვას. ჩვენ ასევე ავკრძალავთ რუსეთის ცენტრალური ბანკის ტრანზაქციებს, გავყინავთ ყველა მის აქტივს, რათა არ მივცეთ მას საშუალება, დააფინანსოს პუტინის ომი, ასევე სანქციები დავუწესებთ რუსი ოლგარქების აქტივებს“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.