ევროკავშირი კორონავირუსის საწინააღმდეგო ადგილობრივი წარმოების ვაქცინების ექსპორტზე კონტროლს აწესებს
ევროკავშირი კორონავირუსის საწინააღმდეგო ადგილობრივი წარმოების ვაქცინების ექსპორტზე კონტროლს აწესებს.
როგორც ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარმა, ვალდის დომბროვსკისმა განაცხადა, ევროკომისიამ შეათანხმა გეგმა, რომელიც ევროკავშირიდან ვაქცინების ექსპორტზე კონტროლს აწესებს. ახალი რეგულაცია მარტის ბოლომდე იქნება ძალაში.
ექსპორტზე კონტროლი 100-მდე ქვეყანაზე ვრცელდება, მათ შორის დიდ ბრიტანეთზე, აშშ-ზე, კანადასა და ავსტრალიაზე.
ევროკომისარ დომბროვსკისის განმარტებით, ევროკავშირიდან ვაქცინის ექსპორტზე კონტროლი არ შეეხება ევროკავშირის მეზობელ და ღარიბ ქვეყნებს. კერძოდ, ახალი რეგულაცია არ ვრცელდება პროგრამა „კოვაქსის“ მონაწილე ქვეყნებზე, შვეიცარიაზე, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებზე, ნორვეგიასა და ჩრდილოეთ აფრიკაზე, ასევე ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებზე როგორიცაა ლიბანი და ისრაელი.
ევროკომისიამ ვაქცინის ექსპორტზე კონტროლი მას შემდეგ დააწესა, რაც ევროკავშირს კომპანია „ასტრაზენეკასთან“ ვაქცინის მიწოდების შეფერხებასთან დაკავშირებით დავა წარმოექმნა.