ევროკავშირი ირანზე დაწესებული ეკონომიკური სანქციებისგან ევროპული კომპანიების დაცვას აპირებს 
ევროკავშირი ირანზე დაწესებული ეკონომიკური სანქციებისგან ევროპული კომპანიების დაცვას აპირებს 

ევროკავშირი იმ კანონის განხლებას გეგმავს, რომელიც ევროპულ კომპანიებს, ამერიკის სანქციების მიუხედავად, ირანში ბიზნესის წარმოების საშუალებას მისცემს.

ე.წ. „დამბლოკავი კანონი“ ჯერ კიდევ 1996 წელს იქნა წარდგენილი, რათა ევროკავშირს აშშ-ის მიერ, კუბისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლა შეძლებოდა. თუმცა აღნიშნული საკნონმდებლო აქტი არასდროს გამოუყენებიათ.

კანონპროექტი ისე უნდა გადაიწეროს, რომ იგი ირანის სანქციებს მოერგოს და ირანში მოქმედი ევროპული კომპანიები ფინანსური ზარალისგან დაიცვას.

როგორც ცნობილია, აშშ-მა თვის დასაწყისში ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო, რასაც ევროკავშირი არ ეთანხმება. შესაბამისად, თეთრი სახლი 90-180 დღეში თეირანზე 2015 წელს გაუქმებული ეკონომიკური სანქციების აღდგენას აპირებს, სანქციების დამრღვევებს კი ფინანსურ ჯარიმებს დააკისირებს.

გასულ კვირას შტატებმა ირანის ელიტურ სამხედრო ძალებთან კავშირის ბრალდებით უკვე დააკისრა სანქციები ექვს ფიზიკურ პირსა და სამ კომპანიას. სანქცირებულ პირებთან შტატების მოქალაქეებსა და ბიზნესს ყოველგვარი ეკონომიკური კავშირი ეკრძალებათ. ირანთან კომერციული კავშირების მქონე ევროპული კომპანიები შიშობენ, რომ თუ ისინი ისევ გააგრძელებენ ირანში ბიზნესს, ამით დაზარალდება მათი საქმიანი კავშირები შტატებში.

ირანზე ეკონომიკური სანქციების მოხსნის შემდეგ, 2015 წელს მსხვილმა ევროპულმა კომპანიებმა, მათ შორის ფრანგულმა ენერგოგიგანტმა Total-მა და ავიაინდუსტრიის გიგანტმა Airbus-მა, ირანთან კომერციული კავშირის აღდგენა იჩქარეს. 2017 წელს ევროკავშირიდან ირანში ექსპორტი 10,8 მილიარდ ევრომდე ავიდა, ირანიდან ევროკავშირში იმპორტი კი 10,1 მილიარდ ევროზე დაფიქსირდა. არსებობს შიში, რომ ევროკავშირის მასშტაბით, მილიარდობით დოლარის მოცულობის სავაჭრო გარიგებები და ათასობით სამუშაო ადგილი გაქრება.

ირანის ბიზნეს-პარტნიორმა ევროპულმა კომპანიებმა რომ თეთრი სახლის ჯარიმები აირიდონ, ევროკავშირის ახალი კანონით, ევროპულ კომპანიებს დაკისრებული ჯარიმების გადახდა აეკრძალებათ. მეორეს მხრივ, უკვე დაზარალებულ კომპანიებს კომპენსაციის მოთხოვნის უფლება ექნებათ.

ევროკომისიის პრეზიდენტის, ჟან-კლოდ იუნკერის განმარტებით, ახალი საკანონმდებლო აქტის ევროპული ბიზნესისთვის წარდგენა უკვე მიმდინარეობს.

გუშინ ბულგარეთში ევროკავშირის ლიდერების სამიტის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე ჟან კლოდ- იუნკერმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ვალდებულია, დაიცვას საკუთარი ბიზნესი, განსაკუთრებით მცირე და საშუალო საწარმოები.