ევროკავშირი იმედოვნებს, რომ მომავალ კვირას დაგეგმილი სამიტი აშშ-სა და ევროკავშირს შორის სავაჭრო დავებს დაასრულებს
ევროკავშირი იმედოვნებს, რომ მომავალ კვირას დაგეგმილი სამიტი აშშ-სა და ევროკავშირს შორის არსებულ სავაჭრო დავებს დაასრულებს და გააძლიერებს ტრანსატლანტიკურ ალიანსს გლობალური სავაჭრო გამოწვევების გადასალახად. ამის შესახებ ევროკომისიის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, ვალდის დომბროვსკისმა ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე განაცხადა, სადაც „დიდი შვიდეულისა“ და აშშ-ევროკავშირის სამიტებისთვის მომზადების საკითხი განიხილებოდა.
„ნდობის გაძლიერების ზომების ფარგლებში, ჩვენ უნდა მოვახდინოთ დეესკალაცია და გადავჭრათ ევროკავშირსა და აშშ-ს შორის არსებული სავაჭრო დავები“, – განაცხადა დომბროვსკისმა.
როგორც სააგენტო „როიტერი“ აღნიშნავს, ავიასამშენებლო კომპანიების „ეარბასისა“ და „ბოინგის“ სუბსიდირების საკითხზე აშშ-სა და ევროკავშირს შორის 17-წლიანი დავა არსებობს. ამასთან, აშშ-ს შენარჩუნებული აქვს ევროკავშირიდან ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე ტარიფები, რომელიც ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დააწესა. ევროკავშირმა კი დამატებითი საპასუხო ზომები შეაჩერა.
„ჩვენ აშშ-ს გავუგზავნეთ მკაფიო სიგნალი ამ საკითხების სამართლიანად და დაბალანსებულად გადაჭრის მზადყოფნაზე, როდესაც ჩვენი კანონიერი კონტრზომების ავტომატური გაორმაგება შევაჩერეთ. ახლა სიტყვა აშშ-ზეა“, – განაცხადა დომბროვსკისმა.
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 14 ივნისს ბრიუსელში ნატო-ს სამიტში მიიღებს მონაწილეობას, შემდეგ კი 15 ივნისს აშშ-ევროკავშირის სამიტს დაესწრება. 16 ივნისს ბაიდენს ჟენევაში რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან აქვს შეხვედრა დაგეგმილი.
ეს პრეზიდენტის რანგში ჯო ბაიდენის ევროპაში პირველი ვიზიტი იქნება.