ევროკავშირი ევროპის ქალაქებში უფასო უსადენო ინტერნეტ სივრცეებს მოაწყობს
ევროკავშირი ევროპის ქალაქებში უფასო უსადენო ინტერნეტ სივრცეებს მოაწყობს. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირის მოქალაქეები და ტურისტები ისეთ საჯარო სივრცეებში, როგორიცაა სკვერები, მოედნები, საავადმყოფოები, უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ.
ევროკომისიამ ამ მიზნით სპეციალური ვებგვერდიც გახსნა WiFi4EU, სადაც პროექტთან დაკავშირებით ინფორმაცია დეტალურად არის მიწოდებული.
პროგრამით სარგებლობას შეძლებენ არა მხოლოდ მსხვილი ქალაქები, არამედ სოფლებიც.
ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს შეეძლებათ ევროკომისიის მიერ გაცემული ვაუჩერით შეიძინონ და დაამონტაჟონ უსადენო ინტერნეტისთვის საჭირო მოწყობილობა. ამ მიზნით, ევროკავშირს 120 მილიონი ევრო აქვს გამოყოფილი.
პირველი ეტაპისთვის, რაც 2018-2020 წლამდე პერიოდს მოიცავს, განცხადების მიღება უკვე დაწყებულია და ის მაისის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება. ვადის ამოწურვის შემდეგ ევროკომისია პირველი ეტაპისთვის გამოყოფილ 1000 ვაუჩერს გადაანაწილებს. ვაუჩერის ნომინალური ღირებულება 15 ათასი ევროა. პროგრამაში მონაწილე თითოეული ქვეყანა სულ მცირე 15 ცალ ასეთ ვაუჩერს მიიღებს.