ევროკავშირში ერთჯერადი პლასტმასის ჭურჭლის აკრძალვაზე მსჯელობენ. Funke Mediengruppe-ს ცნობით, ევროკომისიაში შესაბამისი რეგულაციის მიღებაზე საუბარი აქტიურად მიმდინარეობს. ჟურნალისტების განცხადებით, ბრიუსელში პლასტმასის ნაგვის წინააღმდეგ გამოდიან, რომლის გადამუშავება შეუძლებელია.
ინიციატივის თანახმად, მსგავსი ნაგვის გადაჭარბებული რაოდენობის გამო ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიმართ სანქციების შემოღება გამორიცხული არ არის. ევროკომისია რეგულაციების შესახებ განცხადებას ხვალ, 28 მაისს გააკეთებს.
პროექტის მიხედვით, ეს დირექტივა პირველ რიგში პლასტმასის ერთჯერად ნივთებს შეეხება, რომელთა ჩანაცვლება იგივე ღირებულების სხვა მასალისგან დამზადებული საგნებით სავსებით შესაძლებელია.
ძირითადად, საუბარია ერთჯერად ჭურჭელზე, წვენის დასალევ ჩხირებზე და სხვ. ამავე დროს, იგეგმება პლასტმასისგან დამზადებული საჭმლის კონტეინერების აკრძალვაც.
ბიუჯეტის საკითხებზე მომუშავე ევროკომისარ გიუნტერ ეტინგერის თქმით, სრულიად შესაძლებელია პლასტმასის ნაგვის გამო ევროკავშირის წევრ ქვეყნებს დამატებითი გადასახადები დაუწესონ. კერძოდ, საუბარია ისეთ ნაგავზე, რომლის გადამუშავებაც შეუძლებელია.
ევროკომისრის თქმით, ერთი კილოგრამი ასეთი ნაგვის სანაცვლოდ, წევრ ქვეყანას ევროკავშირის ბიუჯეტში 80 ცენტის გადახდა მოუწევს. მისივე თქმით, ეს ზომები პლასტმასის ნარჩენების რაოდენობის შემცირებას შეუწყობს ხელს.