ევროკავშირი და ნატო ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ
ევროკავშირი და ნატო ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ. ლიეტუვაში სტუმრობისას, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბელარუსი საზღვარზე მიგრანტების კრიზისის ორკესტრირებაში დაადანაშაულეს და თქვეს, რომ ეს არის „ჰიბრიდული“ საფრთხე ევროკავშირის წინააღმდეგ.
„ასეთ მოვლენებზე რეაგირებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა და ნატო-მ მხარდამხარ იმუშაონ“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
ბელარუსის საზღვარზე არსებულ ვითარებაზე მითითებით, ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ თუ უსაფრთხოების ვითარება კიდევ უფრო გაუარესდება, ვილნიუსი არ გამორიცხავს კონსულტაციებს ნატო-ს მე-4 მუხლის მიხედვით. ნატო-ს დამფუძნებელი ხელშეკრულების მიხედვით, ნებისმიერ წევრს შეუძლია, მოიწვიოს ნატო-ს სხდომა კონსულტაციისთვის, როდესაც ის გრძნობს, რომ საფრთხე ემუქრება მის უსაფრთხოებას ან დამოუკიდებლობას.
უკრაინის საზღვართან რუსული ჯარის მობილიზაციაზე საუბრისას, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ტანკების, არტილერიის, უპილოტო თვითმფრინავებისა და ათასობით ჯარისკაცის უჩვეულო ზრდა „ძალიან შემაშფოთებელია მრავალი მიზეზის გამო“, ასევე „იმის გამო, რომ ეს არის არაპროვოცირებული და აუხსნელი“.
„გზავნილი რუსეთისთვის არის ის, რომ მათ უნდა მოახდინონ დეესკალაცია, შეამცირონ დაძაბულობა და იყვნენ გამჭვირვალე. თუ ისინი გადაწყვეტენ ძალის გამოყენებას, რა თქმა უნდა, იქნება შედეგები“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.