ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის სავაჭრო პოლიტიკაზე პასუხისმგებელი პირები მომავალ ორშაბათს ბრიუსელში ტრანსატლანტიკური სავაჭრო კავშირების გაუმჯობესებაზე იმსჯელებენ. ეს პირველი შეხვედრა იქნება მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ევროპიდან ავტომობილების იმპორტის ახალი ტარიფებით დაბეგვრაზე უარი თქვა.
ევროკავშირის ვაჭრობის კომისიონერი სესილია მალმსტრომი აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელ რობერტ ლაითჰაიზერთან მომავალ ორშაბათს ახალი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში პოლიტიკური დონის შეხვედრას გამართავს. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ევროკომისიის დღეს გაკეთებულ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ახალი სამუშაო ჯგუფი ივლისის თვეში ბრიუსელსა და ვაშინგტონს შორის ტარიფებთან დაკავშირებული დაძაბულობის შერბილების შემდეგ შეიქმნა და მის დღის წესრიგში დგას ისეთი საკვანძო თემები, როგორიცაა სავაჭრო ტარიფების შემცირება, აშშ-დან თხევადი გაზის ექსპორტის წახალისება და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (მსო) რეფორმა. ვაჭრობის საკითხებში ჯგუფის მრჩევლებმა და ოფიციალურმა პირებმა გასულ თვეში პირველი შეხვედრა უკვე გამართეს.
ივლისის თვეში დონალდ ტრამპისა და ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერის შეხვედრაზე ტრამპი დათმობაზე წავიდა და უარი თქვა ევროკავშირიდან იმპორტირებული ავტომობილების ახალი ტარიფებით დაბეგვრაზე. მხარეებმა ასევე დაიწყეს დისკუსია ავტომობილების გარდა სხვა ინდუსტრიულ ნაწარმზე ტარიფების ორმხრივად გაუქმების საკითხზე.
თუმცა გასულ კვირაში მალსტრომმა განაცხადა, რომ სავაჭრო პარტნიორებს შორის დაძაბულობის შერბილება არ გავრცელებულა ვაჭრობის პოლიტიკის „სიღრმისეულად შეუთანხმებელ“ საკითხებზე. მალსტრომმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ევროკავშირს ავტომობილების საიმპორტო ტარიფების განულება სურს, თუ აშშ-ი ამაზე დათანხმდება. ტრამპმა ეს იდეა უკვე უარყო და „არცთუ ისე კარგი“ უწოდა, რადგან როგორც ტენდენცია აჩვენებს, ევროკავშირის მომხმარებელი ამერიკულზე მეტად ევროპულ ავტომობილებს ამჯობინებს.