ევროკავშირში იმპორტირებული ჩინური ელექტრო-ველოსიპედები ხვალიდან დაბეგვრას დაექვემდებარება. ტარიფების შემოღებით ბრიუსელი იაფი ჩინური იმპორტის შეზღუდვას გეგმავს, რომლის მოცულობაც 2014 წლის სექტემბრიდან 2017 წლის სექტემბრის პერიოდში გასამმაგდა. სატარიფო განაკვეთები 18.8 და 79.3 პროცენტს შორის მერყეობს.
ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ევროკავშირის ოფიციალურ დოკუმენტებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ევროკავშირში მოქმედი ელექტრონული ველოსიპედების მწარმოებლები მიიჩნევენ, რომ მათი კონკურენტი ჩინური პროდუქცია, რომელმაც ბაზარი წალეკა, სუბსიდიებით სარგებლობს, რაც უსამართლოა კონკურენციის თვალსაზრისით.
ევროკომისიამ დაადგინა, რომ ჩინური ელექტრო-ველოსიპედების წილი ევროზონის ბაზარზე უკვე 35 პროცენტამდე ავიდა, მაშინ როცა პროდუქციის ფასი 11 პროცენტით შემცირდა. ბრიუსელი ასევე მიიჩნევს, რომ ჩინელი მწარმოებლები მთელი რიგი ექსკლუზიური შეღავათებით სარგებლობენ, მათ შორის სუბსიდიებით, ალუმინის რეგულირებული ფასით და საგადასახადო შეღავათებით.
ევროპის ველოსიპედების მწარმოებელთა ასოციაციამ მოიწონა ჩინური ექსპორტის დაბეგვრა. ორგანიზაციის განმარტებით, ეს ნაბიჯი 800 მცირე და საშუალო კომპანიას დაიცავს, რომლებიც ერთობლივად 90 ათას კაცს ასაქმებენ.
ველოსიპედების იმპორტიორებს მიაჩნიათ, რომ აღნიშნული ტარიფები პროტექციონისტულია და ისინი მომხმარებლის ინტერესებს დააზიანებენ. გარდა ამისა, იმპორტიორებს მიაჩნიათ, რომ ტარიფები წინააღმდეგობაში მოდის ევროკავშირის კლიმატურ ცვლილებების კუთხით გატარებულ პოლიტიკასთან.
ბოლო დროს ჩინური ექსპორტის შეზღუდვის მიზნით, ევროკავშირმა ანტი-დემპინგურ ღონისძიებათა მთელი სერია გაატარა მათ შორის მზის ენერგიის პანელებისა და ფოლადის ნაწარმის დაბეგვრის კუთხით, რაც ოფიციალური პეკინის უკმაყოფილებას იწვევს.