ევროკავშირი ბრექსიტის სამოქმედო გეგმას რიგგარეშე სამიტზე შეისწავლის
ევროკავშირი ბრექსიტის სამოქმედო გეგემას რიგგარეშე სამიტზე შეისწავლის. ევროპელი ლიდერები უახლოეს ხანში შეიკრიბებიან და ლონდონის მიერ მიღებული ბრექსიტის შეთანხმებას გაეცნობიან.
დოკუმენტი გაერთიანებული სამეფოს მინისტრთა კაბინეტმა გუშინ მიიღო. 585-გვერდიანი შეთანხმების დამტკიცებას წინ ხუთსაათიანი რთული მოლაპარაკებები უძღოდა. სულ მცირე ცხრა მინისტრმა ტერეზა მეის სამოქმედო გეგმის მხარდაჭერაზე უარი თქვა, თუმცა საბოლოო ჯამში შეთანხმება მაინც მიიღეს.
„ახლა მოლაპარაკებების შედეგებს ევროკავშირის ლიდერების სამიტზე რაც შეიძლება სწრაფად გავაანალიზებთ“ – განაცხადა ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კურცმა.
ბრექსიტის სამოქმედო გეგმის მიღებას ევროკომისიის პრეზიდენტი და ბრექსიტის საკითხებში ევროკავშირის მთავარი მომლაპარაკებელი მიესალმნენ.
დოკუმენტი მოიცვას ყველა საკითხს, რომელიც ლონდონისა და ბრიუსელის „განქორწინების“ პირობებს ეხება. შეთანხმების მიხედვით, ევროკავშირი და ლონდონი პირობას დებენ, რომ ბრექსიტის დროს ევროპელი და ბრიტანელი მოქალაქეების უფლებები დაცული იქნება.
სამოქმედო გეგმა მოიცავს 21-თვიან ე.წ. გარდამავალ პერიოდს, რომელიც 2019 წლის მარტში დაიწყება, როდესაც ბრიტანეთი ევროკავშირს დატოვებს. ასევე დოკუმენტში მოცემულია ის თანხა, რომლის გადახდაც ლონდონს მოუწევს. ის 35-39 მილიარდ გირვანქა სტერლინგამდე მერყეობს.
ყველაზე სადავო საკითხი კი ჩრდილოეთ ირლანდიასთან ფიზიკური საზღვრის აღდგენას ეხება. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ასეთი რამ არ უნდა მოხდეს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბრიუსელი და ლონდონი ამ საკითხზე საერთო მიდგომას ვერ შეიმუშავებენ.