ევროკავშირი ბოსნია და ჰერცეგოვინას სანქციებით დაემუქრა. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ბრიუსელი ამგვარად გამოეხმაურა 9 იანვარს ე.წ. სერბთა რესპუბლიკის ლიდერების მიერ „რესპუბლიკის დღის“ აღნიშვნას, რაც ბოსნია და ჰერცეგოვინას კონსტიტუციით აკრძალულია. როგორც ევროკავშირის განცხადებაშია აღნიშნული ევროკავშირი გმობს ე.წ. სერბთა რესპუბლიკის ლიდერების ქმედებებს და რიტორიკას.
„ეს რიტორიკა ამძაფრებს დაძაბულობას ქვეყანაში და იწვევს პოლიტიკური კრიზისის ესკალაციას. ეს ემუქრება ბოსნია და ჰერცეგოვინას სტაბილურობას და სრულად ეწინააღმდეგება ევროკავშირის ხედვას, რომელიც ეფუძნება ერთიან და სუვერენულ ბოსნია და ჰერცეგოვინას“, – ნათქვამია განცხადებაში.
ევროკავშირმა მოუწოდა ე.წ. სერბთა რესპუბლიკის ლიდერებს შეწყვიტონ დაყოფისკენ მიმართული ქმედებები და დაუბრუნდნენ სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობას.
„სიტუაციის გაუარესების შემთხვვევაში, ევროკავშირის აქვს ინსტრუმენტების ფართო არჩევანი, რომლების გამოყენებაც შეუძლია. მათ შორის ევროკავშირის სანქციების ჩარჩო და ევროკავშირის მხარდაჭერის გადახედვა“, – ნათქვამია განცხადებაში.
9 იანვარს ე.წ. სერბთა რესპუბლიკის ლიდერებმა „რესპუბლიკის დღის“ აღსანიშნავი ღონისძიება გამართეს, რომელსაც დაესწრნენ რუსეთის, ჩინეთისა და სერბეთის წარმომადგენლებიც, რის გამოც ბოსნია და ჰერცეგოვინას საგარეო საქმეთა მინისტრმა ამ ქვეყნების საელჩოებს საპროტესტო ნოტები გაუგზავნა.
დეკემბრის დასაწყისში ე.წ. სერბთა რესპუბლიკის ლიდერმა, მილორად დოდიკმა განაცხადა, რომ ხელისუფლება დააჩქარებს ბოსნია და ჰერცეგოვინას შემადგენლობიდან გასვლის პროცესს და 2022 წლის იანვარში მიღებული იქნება ახალი კანონი, რომლითაც ე.წ. სერბთა რესპუბლიკას დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა ექნება.
ამასთან, ე.წ. სერბთა რესპუბლიკის პარლამენტმა დეკემბერში მხარი დაუჭირა შეიარაღებული ძალების, სასამართლო და საგადასახადო სისტემების ბოსნია და ჰერცეგოვინას იურისდიქციიდან გასვლას. ამის გამო ბოსნია და ჰერცეგოვინას პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ე.წ. სერბთა რესპუბლიკის ლიდერების წინააღმდეგ და მათ „კონსტიტუციისთვის ძირის გამოთხრაში“ დასდო ბრალი.
მოგვიანებით, მილორად დოდიკის წინააღმდეგ სანქციები დააწესა აშშ-მაც. ვაშინგტონი მას „კორუფციასა და დესტაბილიზაციურ საქმიანობაში ადანაშაულებს, რომელიც ბოსნია და ჰერცეგოვინას ტერიტორიულ მთლიანობას ემუქრება“.
ბოსნიის ომის დასრულების შემდეგ, ბოსნია და ჰერცეგოვინა ორ ნახევრად, ავტონომიურ რესპუბლიკად დაიყო, ე.წ. სერბთა რესპუბლიკად და ბოსნია და ჰერცეგოვინას ფედერაციად. დღეს თითოეულ მათგანს ჰყავს საკუთარი მთავრობა და პარლამენტი. ასევე, არსებობს საერთო მმართველო ორგანო – ბოსნია და ჰერცეგოვინას პრეზიდიუმი.