ევროკავშირი ბელარუსში ძალადობასა და არჩევნების გაყალბებაზე პასუხისმგებელი პირებისთვის სანქციების დაწესების მზაობას ადასტურებს
ევროკავშირი ადასტურებს მზაობას, სანქციები დაუწესოს ბელარუსში ძალადობაზე, მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ რეპრესიებსა და არჩევნების შედეგების გაყალბებაზე პასუხისმგებელ პირებს და მზად არის, მიიღოს დამატებითი შემზღუდავი ზომები. ამის შესახებ ნათქვამია საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის განცხადებაში.
ევროკავშირი წუხილს გამოთქვამს ბელარუსში კანონის უზენაესობის სულ უფრო ღია უგულვებელყოფის გამო, კერძოდ ძალადობის ესკალაციისა და ოპოზიციური საკოორდინაციო საბჭოს წევრების იძულებით გაძევების გამო.
ბორელის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნობელის ლაურეატის სვეტლანა ალექსიევიჩის გარდა, საკოორდინაციო საბჭოს პრეზიდიუმის ყველა წევრი დაკავებულია ან გაძევებულია ქვეყნიდან.
„სამოქალაქო საზოგადოება და ბელარუსის მომავლის შესახებ დისკუსიის მონაწილეები, მათ შორის საკოორდინაციო საბჭოს წევრები, უნდა იყვნენ დაცულები დაშინებისგან, იძულებით გაძევებისგან, უკანონო დაკავებისა და ძალადობისგან. შესაბამისად, ევროკავშირი მოუწოდებს ბელარუსის ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს უკანონოდ დაკავებული ყველა პირი, მათ შორის პოლიტიკური პატიმრები, და უზრუნველყოს, რომ ასეთი უკანონო ქმედებები აღარ განმეორდეს“, – ნათქვამია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებაში.
ევროკავშირი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მხარეებს, ეროვნული დიალოგისკენ და ახალი დემოკრატიული არჩევნების ჩატარების შესახებ ბელარუსი ხალხის მოთხოვნაზე დადებითი რეაგირებისკენ.