ევროკავშირი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე პაკეტის ამოქმედებას გეგმავს
ევროკავშირი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე პაკეტის ამოქმედებას გეგმავს.
ინფორმაციას სააგენტო „დოიჩე ველე“ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ვეროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ, ჟოზეფ ბორელზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი თქმით, სანქციები 86 ფიზიკურ პირსა და კომპანიაზე დაწესდება.
გარდა ამისა, ჟოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირი ბელარუსის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების დაწესებასაც გეგმავს. მისი თქმით, ეკონომიკური სანქციების დაწესების შესახებ წინადადება ევროპულ საბჭოს წარედგინება, რომელზეც დისკუსიები 24-25 ივნისს დაგეგმილ სამიტზე გაიმართება.
სავარაუდოდ, ეკონომიკური სანქციები ბელარუსის სანავთობო და საბანკო სექტორებს, ასევე პოტაშის ექსპორტს შეეხება, რაზეც ევროკავშირის წევრი ქვეყნები გასულ პარასკევს გამართული შეხვედრის დროს შეთანხმდნენ.
ჟოზეფ ბორელის თქმით, სექტორული სანქციები ბელარუსის ეკონომიკას ზიანს აყენებს, ამიტომ უპირატესობა ინდივიდუალურ სანქციებს მიენიჭება, თუმცა ბელარუსის ხელისუფლებამ საკუთარი ქმედებები რომ შეცვალოს, მკაცრი ზომების მიღებაა საჭირო.
ევროკავშირმა, „რაინეარის“ თვითმფრინავის იძულებით დასმისა და აქტივისტის, რომან პროტასევიჩის დაკავების გამო, უკვე დააწესა სანქციები 88 ფიზიკურ და იურიდიულ პირზე, რომელთა შორის პრეზიდენტი ლუკაშენკო, ასევე შვიდი სახელმწიფო დაწესებულება და საწარმოა.