ევროკავშირი აშშ-ის მიერ ირანისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლის მიზნით, სპეციალური უწყების შექმნას აპირებს
ევროკავშირი ირანის წინააღმდეგ აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის მიზნით, სპეციალური უწყების შექმნას აპირებს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის წარმომადგენელმა კომისარმა განაცხადა.
ახალი ფინანსური ინსტიტუტის წყალობით, ევროპულ კომპანიებს ირანთან ეკონომიკური ურთიერთობის დამყარება ვაშინგტონის მხრიდან სანქციების დაწესების საფრთხის გარეშე შეეძლებათ.
ფედერიკა მოგერინიმ ახალი უწყების შესახებ დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, რუსეთის, ჩინეთისა და ირანის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა. აღნიშნული ქვეყნები მიიჩნევენ, რომ ირანი ბირთვულ საკითხთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების პირობებს ასრულებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ევროპულ კომპანიებს ისლამურ რესპუბლიკასთან ვაჭრობა ამერიკული სანქციების საფრთხის გარეშე შეუძლიათ.
მაისის დასაწყისში დონალდ ტრამპმა ირანის ბირთვული შეთანხმებიდან ამერიკის შეერთებული შტატების დატოვების შესახებ განაცხადა. 2015 წელს მიღწეული ისტორიული შეთანხმების ფიგურანტები ირანი, ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთი, ჩინეთი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია არიან. დოკუმენტი დასავლეთის მხრიდან ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაუქმებას ითვალისწინებს. სანაცვლოდ, ოფიციალურმა თეირანმა ურანით გამდიდრება უნდა შეზღუდოს. ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გამოსვლის და სანქციების ამოქმედების შემდეგ, ოფიციალური ვაშინგტონი იმავეს მოუწოდებს შეთანხმების სხვა წევრ სახელმწიფოებსაც. ამერიკის შეერთებული შტატები ევროკავშირისგან ირანთან ვაჭრობის შეწყვეტას ითხოვს. წინააღმდეგ შეთხვევაში, სანქციების დაწესებით იმუქრება.