ევროკავშირი აშშ-ის მიერ კუბასთან დაკავშირებით დამატებითი სანქციების ამოქმედებით უკმაყოფილოა
ევროკავშირი აშშ-ის მიერ კუბასთან დაკავშირებით არსებული დამატებითი სანქციების ამოქმედებით უკმაყოფილოა. როგორც საგარეო და უსაფრთოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა, კუბასთან კავშირის მქონე უცხოური კომპანიებისთვის სანქციების დაწესება ტრანსატლანტიკურ ნდობას ზღუდავს.
ფედერიკა მოგერინიმ აღნიშნა, რომ ევროკავშირი რამდენიმე საპასუხო ზომას განიხილავს. მათ შორის, არის საპასუხო სანქციები ან საქმის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციისთვის გადაცემა. ფედერიკა მოგერინის განმარტებით, აღნიშნულ ზომებზე ევროპული კომპანიების დაცვისთვის მსჯელობენ.
კუბის ტურიზმსა და ენერგოსექტორში ევროპულ და კანადურ კომპანიებს დიდი ინვესტიციები აქვთ ჩადებული. აშშ-ის მხრიდან სანქციების ამოქმედება კი მათ პირდაპირ შეეხებათ.
საქმე ეხება აშში-ის მიერ 1996 წელს მიღებულ კანონს, რომლის თანახმადაც ვაშინგტონი სანქციების დაწესებას ითვალისწინებს არამხოლოდ კუბისთვის, არამედ იმ უცხოური კომპანიებისთვის, რომლებიც კუბასთან თანამშრომლობენ. ცოტა ხნის წინ კი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები 2 მაისის შემდეგ აღნიშნულ კანონს აამოქმედებს.
მართალია აღნიშნული ფედერალური კანონი აშშ-ში 1996 წელს მიიღეს, თუმცა ამერიკის შეერთებული შტატების ყველა პრეზიდენტი მის ძალაში შესვლას სამომავლოდ დებდნენ.