ევროკავშირი „აღმოსავლეთ პარტნიორობის" წევრ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 13 მილიარდი ევროს დახარჯვას აპირებს
ევროკავშირი „აღმოსავლეთ პარტნიორობის” წევრ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 13 მილიარდი ევროს დახარჯვას აპირებს.
როგორც ევროკომისიის პრესსამსახური იუწყება, ეს თანხა 4800 კილომეტრის სიგრძის საავტომობილო და სარკინიგზო გზების, ასევე პორტების, აეროპორტების, ლოგისტიკური ცენტრებისა და საკონტროლო გამშვები პუნქტების მოწყობას ითვალისწინებს.
როგორც ბრიუსელში განაცხადეს, „აღმოსავლეთ პარტნიორობის” წევრ ქვეყნებში – საქართველოში, მოლდოვაში, უკრაინაში, აზერბაიჯანსა და სომხეთში ინფრასტრუქტურის განვითარება ამ ქვეყნების ეკონომიკურ აღმავლობასა და სამუშაო ადგილების გაჩენას შეუწყობს ხელს.
პრესრელიზში ნათქვამია, რომ ზოგიერთი პროექტის დასრულება 2020, ზოგის კი 2030 წლისთვის იგეგმება.
პროექტს ევროკომისია და მსოფლიო ბანკი ერთად განახორციელებენ.
შეგახსენებთ, რომ 2017 წელს “აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტზე ამ პროგრამის წევრი ექვსი სახელმწიფო ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელში შეიყვანეს. ეს არის მასშტაბური პროექტი, რომლის მიზანიც ევროკავშირსა და მის საზღვრებთან სატრანსპორტო სისტემის ხარვეზების აღმოფხვრაა.