„ევროჯასთსა“ და საქართველოს შორის შეთანხმება გაფორმდება
„ევროჯასთსა“ და საქართველოს შორის შეთანხმება გაფორმდება

ევროკავშირის საბჭომ „ევროჯასთსა“ (EUROJUST) და საქართველოს შორის შეთანხმების გაფორმების გადაწყვეტილება მიიღო. საქართველო სამხრეთ კავკასიის რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელთანაც „ევროჯასთი“ შეთანხმებას გააფორმებს. უახლოეს დღეებში დოკუმენტს საქართველოს მხრიდან ხელს მოაწერენ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე. ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

ევროპარლამენტში საქართველოსა და „ევროჯასთს“ შორის შეთანხმების გაფორმების საკითხზე კენჭისყრისას საქართველოსთან შეთანხმების გაფორმებას 555-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 29 წინააღმდეგი იყო, ხოლო 20-მა თავი შეიკავა.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, „ევროჯასთთან“ შეთანხმება საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შესაძლებლობას მისცემს, უფრო სწრაფად და ეფექტიანად ითანამშრომლონ დანაშაულის გამოძიებაში და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საშუალება იქნება საერთაშორისო ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით.

2017 წელს შეთანხმების გაფორმებაზე გადაწყვეტილების მიღებამდე „ევროჯასთმა“ სიღრმისეულად შეისწავლა საქართველოს სამართალდაცვით სფეროში პერსონალური მონაცემების დაცულობის თავსებადობა ევროკავშირის რეგულაციებთან. მხოლოდ აღნიშნულზე დადებითი დასკვნის მიღების შემდეგ გადაწყდა შეთანხმების გაფორმების საკითხი.

ევროჯასთი“ სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობის ევროკავშირის დაწესებულებაა, რომელიც 2003 წლიდან ფუნქციონირებს ჰააგაში, ნიდერლანდების სამეფოში. ევროკავშირის წევრი თითოეული სახელმწიფო „ევროჯასთში“ წარმოდგენილია მეკავშირე პროკურორით. ორგანიზაციაში მეკავშირეები ჰყავთ პარტნიორ სახელმწიფოებს (აშშ, ნორვეგია, შვეიცარია და ა.შ). შეთანხმების გაფორმების შემდეგ, საქართველოს, როგორც პარტნიორ სახელმწიფოს, ანალოგიური შესაძლებლობა მიეცემა.