„ევროაქტივი“ - ბულგარეთში არჩევნების წინ გავლენით ბოროტად სარგებლობისა და ამომრჩეველთა მოსყიდვისთვის ფულის მიღების ბრალდებით, ცნობილი პოლიტიკოსი დააკავეს
ბულგარეთში დააკავეს დეპუტატი ჯეიჰან იბრამოვი, რომელიც დაკავშირებულია თურქული უმცირესობის პარტიის „უფლებებისა და თავისუფლებების მოძრაობის“ დამფუძნებელ აჰმედ დოღანთან. მას ბრალად ედება გავლენით ბოროტად სარგებლობა და ფულის მიღება ამომრჩეველთა მოსყიდვისთვის. ამის შესახებ „ევროაქტივი“ იუწყება.
გამოცემის ცნობით, სოფიის სასამართლომ დაადგინა, რომ იბრამოვი პატიმრობაში უნდა დარჩეს, რადგან არსებობს საფრთხე, რომ ის კიდევ ერთ დანაშაულს ჩაიდენს. მედიის ცნობით, დაკავებისას მას აღმოაჩნდა 100 000 ლევი (50 000 ევრო), რომელსაც მეგობრისგან ითხოვდა 27 ოქტომბრისთვის დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩევლეთა მოსყიდვისთვის. როგორც „ევროაქტივი“ წერს, ამ ფულის სანაცვლოდ, იბრამოვი მეგობარს დაჰპირდა, რომ დაეხმარებოდა თავდაცვის სამინისტროსგან სახელმწიფო კონტრაქტების მიღებაში.
გამოძიების მიხედვით, იბრამოვმა მეგობარს 200 000 ლევი სთხოვა, საბოლოოდ კი რამდენიმე მილიონის მიღება სურდა. მიროსლავ თოდოროვი, რომელმაც მას ფული მისცა, საქმეში მოწმის სტატუსით ფიგურირებს.
როგორც „ევროაქტივი“ წერს, იბრამოვის დაკავება პარტია „უფლებებისა და თავისუფლებების მოძრაობის“ წინაშე არსებულ კრიზისს ემთხვევა.
აგვისტოში აშშ-ის მიერ პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, დელიან პეევსკის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემდეგ, პოლიტიკურ გაერთიანებაში განხეთქილება მოხდა. „უფლებებისა და თავისუფლებების მოძრაობის“ დეპუტატების ნახევარმა პეევსკის ერთგულება გამოუცხადა, დანარჩენები კი პარტიის დამფუძნებელ აჰმედ დოღანის მხარეს დარჩნენ.
ბულგარეთში პოლიტიკური კრიზისი 2021 წლიდან გრძელდება, მას შემდეგ ქვეყანაში უკვე ექვსი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ბოლო არჩევნები 2024 წლის ივნისში ჩაატარეს, თუმცა მთავრობის ფორმირება ვერ მოხერხდა.