„ევროაქტივი“ - ევროკომისია „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის წარდგენას 12 დეკემბერს გეგმავს
ევროკომისია 12 დეკემბერს გეგმავს, წარადგინოს დემოკრატიის დაცვის პაკეტი, რომელიც „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტს მოიცავს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ონლაინგამოცემა „ევროაქტივი“ ავრცელებს.
როგორც მედიასაშუალება წერს, ევროკომისიაში აცხადებენ, რომ კანონპროექტი შემუშავებულია ევროპული დემოკრატიის დასაცავად, ისეთი ორგანიზაციების დაფინანსებასა და მესამე ქვეყნებთან მათ კავშირებზე გამჭვირვალობის ვალდებულების დაწესებით, რომლებიც საზოგადოებრივ აზრსა და პოლიტიკაზე ზეგავლენისკენ მიისწრაფვიან.
„ევროაქტივის“ ცნობით, კანონპროექტის წარდგენა თავდაპირველად 2023 წლის მეორე კვარტლისთვის იგეგმებოდა, თუმცა სამოქალაქო ჯგუფების მხრიდან კრიტიკამ ევროკომისია აიძულა ხანგრძლივი შეფასების ჩატარებისკენ და ინიციატივის წარდგენა რამდენჯერმე გადაიდო. ამგვარად, ევროპარლამენტის წევრებსა და ევროპული საბჭოს მინისტრებს კანონპროექტის განსახილველად მხოლოდ სამი თვე აქვთ.
უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის გამოქვეყნებამდე სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებმა ერთობლივი წერილი გამოაქვეყნეს, სადაც შეშფოთება გამოთქვეს. 27 ნოემბერს გამოქვეყნებულ განცხადებას ხელს აწერენ „ევროპის სამოქალაქო საზოგადოება“, „ევროპული პარტნიორობა დემოკრატიისთვის“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა ევროკავშირი“. სამოქალაქო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ კანონპროექტი, შესაძლოა, ეწინააღმდეგებოდეს ევროკავშირის კანონმდებლობას და გავლენა მოახდინოს ეკონომიკურ თავისუფლებებსა და ფუნდამენტურ უფლებებზე, როგორებიცაა გამოხატვის თავისუფლება, პირადი მონაცემების დაცვა, კონფიდენციალურობა. ორგანიზაციებს მაგალითად მოჰყვათ უნგრეთი, სადაც, მათი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოური დაფინანსების შესახებ წესებს ვიქტორ ორბანის მთავრობა იმ არასამთავრობო ორგანიზაციების დევნისთვის იყენებს, რომლებიც დემოკრატიულ, აკადემიურ თავისუფლებებსა და ლგბტ პირების უფლებებს იცავენ. განცხადების ხელმომწერები ასევე იხსენებენ ევროკავშირის კრიტიკას საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინაში ინიცირებული უცხოური აგენტების კანონპროექტების მიმართ. „მესამე ქვეყნებმა უკვე დაიწყეს ევროკავშირის საკანონმდებლო ინიციატივის გამოყენება უცხოური ჩარევის წინააღმდეგ საკუთარი ზომების გასამართლებლად“, – აღნიშნულია განცხადებაში.