დასავლეთმა, შესაძლოა, კოსოვოს სანქციები დაუწესოს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ევროაქტივი“ დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიასაშუალების ინფორმაციით, ევროკავშირი და აშშ კოსოვოს წინააღმდეგ სანქციებს ამზადებენ. აღნიშნული ცნობები დაადასტურა ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა ედი რამამაც, რომელმაც კოსოვოს პრემიერ-მინისტრთან, ალბინ კურტისთან დღეს დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა.
დიპლომატებისაგან მოპოვებული ინფორმაციით, სანქციები მოიცავს ევროკავშირის დაფინანსების შეჩერებას, ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის პროცესისა და საერთაშორისო ინსტიტუტებში გაწევრიანების პროცესების შეწყვეტას. ასევე, ცვლილებები, შესაძლოა, შეეხოს კოსოვოში საერთაშორისო სამხედრო წარმომადგენლობას, კერძოდ, ზომების ფარგლებში, შესაძლოა, მნიშვნელოვნად შემცირდეს კოსოვოში აშშ-ის კონტინგენტი. ამასთან, ყველაზე ცუდი სცენარის შემთხვევაში, არ არის გამორიცხული ინდივიდუალური სანქციები კოსოვოს ლიდერებისა და მაღალჩინოსნების წინააღმდეგ.
როგორც დიპლომატებმა „ევროაქტივს“ განუცხადეს, კოსოვოს ხელისუფლებასთან ურთიერთობები ნორმალურ დონეს დაუბრონდება, როგორც კი პრიშტინა გადადგამს ნაბიჯებს, რომლებსაც ევროკავშირი ელოდება.
აშშ-მა და ევროკავშირმა კოსოვოს ხელისუფლებას გასულ კვირას ჩრდილოეთ კოსოვოში კრიზისის გადასალახად სამპუნქტიანი ინიციატივა წარუდგინეს, რომელიც მოიცავს ვითარების დეესკალაციას, ჩრდილოეთ ნაწილში ახალი არჩევნების ჩატარებას და ურთიერთობების ნორმალიზებისთვის სერბეთთან დიალოგის აღდგენას. ვითარება ჩრდილოეთ კოსოვოში ორი კვირის წინ გამწვავდა, როდესაც ახალარჩეული ალბანელი მერები ძირითადად სერბებით დასახლებული რაიონში მუნიციპალურ შენობებში შევიდნენ. სერბებმა არ მიიღეს მონაწილეობა აპრილში გამართულ არჩევნებში და უარს აცხადებენ ალბანელი მერების ხელისუფლებაში მიღებაზე.