ევრო 2024 | საქართველოს ნაკრები შესარჩევ ეტაპზე ნორვეგიასთან დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ნაკრები ოსლოში, „ულევაალის“ სტადიონზე, ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის მატჩში ნორვეგიის ნაკრებს ესტუმრა და 1:2 დამარცხდა.

 

ესპანეთთან ჩატარებული მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება განახორციელა, სათამაშო სქემად 4-4-2-ის ნაცვლად, 5-3-2 გამოიყენა.

რაც შეეხება მოთამაშეებს – ფრანგმა სპეციალისტმა ძირითად შემადგენლობაში ორი ფეხბურთელი პირველად ათამაშა – დაცვაში სანდრო კალანდაძე, ხოლო საყრდენად „ლევანტეს“ ნახევარმცველი, გიორგი ქოჩორაშვილი, ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა ზურიკო დავითაშვილიც.

საქართველოს ნაკრებმა პირველი რეალური მომენტი მე-14 წუთზე შექმნა –  საჯარიმოში კვარაცხელია მეტოქეს კარგად გასცდა და კარშიც დაარტყა, მაგრამ მცველს ბურთი ხელზე მოხვდა – ქართველი ფეხბურთელები პენალტს ითხოვდნენ, მაგრამ არბიტრმა არ გაითვალისწინა, მომენტი არც ვიდეორეფერიმ გადაამოწმა.

ნორვეგიამ ნელ-ნელა უპირატესობა მოიპოვა და ჩვენი ნაკრები საკუთარ საჯარიმოში „ჩაკეტა“. 25-ე წუთზე მასპინძელთა შეტევებმა შედეგი გამოიღო – ნუსას ფლანგიდან ჩაწოდების შემდეგ, ჰალანდმა ქართველ მცველებს დაასწრო და თავური დარტყმით ანგარიში გახსნა.

მეორე ნახევარში საქართველოს ნაკრებში ცვლილებები მოხდა, მაგრამ თამაშის სურათი არ შეცვლილა – ნორვეგიელები ბურთს აკონტროლებდნენ და მშვიდად მიჰყავდათ შეხვედრა საფინალო სასტვენამდე.

საქართველოს ნაკრებმა ბოლოსკენ შეტევა სცადა, კვარაცხელიას გატანაც შეეძლო, მაგრამ ქართველების თამაშში სისწრაფე, სითამამე და სიმწყობრე არ ჩანდა.

არბიტრის მიერ დამატებულ პირველ წუთზე საქართველომ ერთი გოლის გატანა შეძლო – ირაკლი აზაროვის პასის შემდეგ, ბუდუ ზივზივაძემ შეუჩერებლად გაგზავნა ბურთი მეტოქის კარში.  საბოლოოდ, ნორვეგიამ 2:1 მოიგო.

 


ნორვეგია-საქართველო 2:1


გოლები: 1:0 ჰალანდი (25. ნუსას პასით). 2:0 ოდეგორი (33. ნუსას პასით). 2:1 ზივზივაძე (90+1. აზაროვის პასით

ნორვეგია: ნიულანდი, აიერი, სტრანდბერგი, ბერგი, აურსენსი, ოდეგორი, ოსტიგორი, ბიორკანი, ნუსა (71. სოლბაკენი), ლარსენი (71. ბერგი), ჰაალანდი.

მწვრთნელი: სტალე სოლბაკენი.

საქართველო: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი (46. მამუჩაშვილი), კალანდაძე, კვერკველია, კაშია, აზაროვი, ქოჩორაშვილი (76. მექვაბიშვილი), კიტეიშვილი, კვარაცხელია, დავითაშვილი (67. ჩაკვეტაძე), მიქაუტაძე (67. ზივზივაძე)

მწვრთნელი: ვილი სანიოლი.

არბიტრი: ნ. დაბანოვიჩი (მონტენეგრო)