ევრო 2020 | ინგლისი VS დანია - საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT
ევრო 2020 | ინგლისი VS დანია - საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT

დღეს, ევროპის ჩემპიონატის ფინალში იტალიის ნაკრების მეტოქე გამოვლინდება. 7 ივლისს 1/2 ფინალში ერთმანეთის წინააღმდეგ ინგლისი და დანია წარდგებიან. შეხვედრა ლონდონში, „უემბლიზე“ 23 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და საქართველოს პირველი რადიო (FM 102.3) შემოგთავაზებთ.

ინგლისის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ფინალში არასოდეს უთამაშია. ევრო 2020-ზე ნახევარფინალებიცა და ფინალიც ლონდონში, „უემბლიზე“ გაიმართება. ბრიტანელებმა ერთგვარ საფეხბურთო დევიზად აიღეს ფრაზა – ფეხბურთი შინ ბრუნდება.

ნახევარფინალში ინგლისის ნაკრების მეტოქე დანიაა, რომლის კარსაც ევროპის 1992 წლის ჩემპიონი პეტარ შმეიხელის ვაჟი კასპერი იცავს. წინასამატჩო პრესკონფერენციაზე კასპერს ჰკითხეს: რას უპასუხებთ ფრაზას – ფეხბურთი შინ ბრუნდება. მეკარემ დაუფიქრებლად მიუგო – როდისმე ყოფილა სახლში?

ცხადია, ფინალისთვის დანიელებიც ემზადებიან, რომლებმაც მიმდინარე ჩემპიონატი არადამაჯერებლად დაიწყეს, თუმცა ბოლო სამი მატჩია, მათი შეჩერება ვერავინ მოახერხა. თუმცა ისიც სათქმელია, რომ სკანდინავიელებს პლეიოფში ინგლისის დონის ძლიერი გუნდი ჯერ არ შეხვედრიათ. გარეთ საუთგეიტის ფეხბურთელებს ევრო 2020-ზე გოლი არ გაუშვიათ. ასეთი სტაბილური ინგლისი კი გულშემატკივარს დიდი ხანია, არ უნახავს.

 

გარეთ საუთგეიტი (ინგლისის ნაკრების მწვრთნელი):

„გვაქვს ზღაპრული შანსი, პირველად გავიდეთ ევროპის ჩემპიონატის ფინალში და ისტორია დავწეროთ. მაგრამ ეს არ არის წნეხი, ეს არის გამოწვევა და შანსი ამ თაობისთვის. გასული წლის შემოდგომაზე დანიის ნაკრებთან ორჯერ ვითამაშეთ. ამ ჩემპიონატამდეც ვიცოდით, რომ მეტოქე კარგი გუნდია და ამაში ახლაც დავრწმუნდით. მგონია, რომ ფანტასტიკური თამაში გველოდება“.

კასპერ ჰიულმანდი (დანიის ნაკრების მწვრთნელი):

„ეს ჩვენთვის, ფაქტობრივად, გასვლითი მატჩია, მაგრამ ამასაც აქვს თავისი ხიბლი. ასე რომ, თამაშს მოუთმენლად ველოდებით. კარგია, რომ გულშემატკივარი ტრიბუნებზე დაბრუნდა, მაგრამ უფრო კარგი იქნებოდა, ნახევარი სტადიონი დანიის ფერებში ყოფილიყო გამოწყობილი. ჩვენი მოტივაციაა, გავაჩუმოთ გულშემატკივარი, თუმცა ვიცით, რომ ეს ძალიან რთული იქნება“.

სავარაუდო შემადგენლობები

ინგლისი (4-2-3-1): პიკფორდი – უოლკერი, სტოუნზი, მაგუაირი, შოუ – ფილიპსი, რაისი – საკა, მაუნტი, სტერლინგი – კეინი.

დანია (3-4-3): შმეიხელიკრისტენსენი, კიაერი, ვესტერგაარდისტრიგერ ლარსენი, ჰოიბერგი, დილეინი, მელე – ბრაიტვაიტი, დოლბერგი, დამსგაარდი.

არბიტრი: დ. მაკელი (ნიდერლანდები)