ევრო 2020 | ესპანეთის ნაკრები - მიზანი, ისტორია, კალენდარი [ვიდეო] #1TVSPORT
ევრო 2020 | ესპანეთის ნაკრები - მიზანი, ისტორია, კალენდარი [ვიდეო] #1TVSPORT

ესპანელები ევროპის ჩემპიონატზე აუტსაიდერის სტატუსით არასოდეს გასულან, მითუმეტეს, რომ მეორე ევროფორუმი, 1964 წელს, მათი გამარჯვებით დასრულდა. თუმცა მეორე ტიტულამდე 44 წელი მოუხდათ მოცდა.

2008 წელს ესპანელთა ოქროს თაობამ ევროპის ჩემპიონობით დაიწყო და ზედიზედ სამი უმაღლესი ტიტული მოიპოვა – 2010 წელს მსოფლიოს ჩემპიონატი, 2012-ში ისევ ევროპა და ერთადერთი გუნდი აღმოჩნდა, რომელმაც ევროპის ჩემპიონის ტიტულის დაცვა მოახერხა.

 

მწვრთნელი

ლუის ენრიკე

ევრო 2020-ის მონაწილე გუნდების რვა მწვრთნელს შორის ლუის ენრიკე ერთ-ერთია, რომელსაც ევროპაზე ფეხბურთელის სტატუსით უთამაშია.

რვაეული ასე გამოიყურება: დიდიე დეშამი (საფრანგეთი), ანდრეი შევჩენკო (უკრაინა), რობერტო მანჩინი (იტალია), სტანისლავ ჩერჩესოვი (რუსეთი), ლუის ენრიკე (ესპანეთი), ფრანკ დე ბური (ჰოლანდია), გარეთ საუთგეიტი (ინგლისი), პაულუ სოუზა (პორტუგალია/პოლონეთი).

2015 წელს „ბარსელონასთან“ ერთად ლუის ენრიკემ ჩემპიონთა ლიგა მოიგო. 2018 წლიდან კი ესპანეთის ნაკრებს ხელმძღვანელობს.

 

საკვანძო ფეხბურთელი

სერხიო რამოსი

სერხიო რამოსი ესპანეთის ნაკრებში 2005 წლიდან თამაშობს. მას მერე იგი გუნდის უცვლელი წევრი და კაპიტანია. ევრო 2020 მისთვის მეოთხე ევროპის ჩემპიონატი იქნება.

სადღეისოდ მას ნაკრებში 178 მატჩში 23 გოლი აქვს გატანილი.

ვის დავაკვირდეთ

ანსუ ფატი

17 წლისა და 311 დღის „ბარსელონას“ თავდამსხმელმა ანსუ ფატიმ უკრაინას გაუტანა და ესპანეთის ნაკრების რეკორდსმენი, ყველაზე ახალგაზრდა გოლის ავტორი გახდა. ეს შეხვედრა „ფურია როხამ“ 4:0 მოიგო.

იცოდით?

  •  2008 და 2012 წლის ევროპის ჩემპიონატებზე ესპანეთის ნაკრებმა ისე მოიგო ტიტული, პლეი ოფში გოლი არ გაუშვია.
  •  ევრო 2012-ის ფინალში ესპანეთმა იტალია 4:0 დაამარცხა. ეს იყო ყველაზე უხვგოლიანი ფინალი ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში.
  •  2008 წლიდან მოყოლებული ევროპის ჩემპიონატებზე ესპანეთს ზედიზედ 14 წაუგებელი მატჩი ჰქონდა, ვიდრე 2016 წელს ხორვატიასთან არ დამარცხდა.

 

განსაკუთრებული მომენტები ევროპის ჩემპიონატებზე

* ევრო 1964 წლის ფინალში 84-ე წუთზე გატანილი გოლით მარსელინიომ ესპანეთს სსრ კავშირი დაამარცხებინა და ევროპის ჩემპიონობა პირველად მოიპოვა.  მატჩს მადრიდში, „სანტიაგო ბერანაბეუზე“ 79.115 ათასი მაყურებელი ესწრებოდა.

* ევრო 2008-ზე ესპანეთი რუსეთს ორჯერ შეხვდა. ორივე შემთხვევაში გაიმარჯვა. განსაკუთრებით ეფექტური იყო ნახევარფინალში 3:0 მოგება წვიმიან ამინდში.

* ფერნანდო ტორესის გოლი ერთადერთი აღმოჩნდა 2008 წლის ფინალში, რომელშიც ესპანეთმა გერმანიის ნაკრები დაამარცხა.