როდრი - ჯგუფში ერთ-ერთი ყველაზე რთული თამაში საქართველოსთან გვექნება #1TVSPORT
როდრი - ჯგუფში ერთ-ერთი ყველაზე რთული თამაში საქართველოსთან გვექნება #1TVSPORT

ესპანეთის ნაკრებისა და „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა, როდრიმ (როდრიგო ერნანდეს კასტანტე) „დინამო არენაზე“ გამართულ პრესკონფერენციაზე ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრებთან გასამართი მატჩის შესახებ ისაუბრა.

„იმის მიუხედავად, რომ საქართველოს ნაკრებს ტიტულები არ აქვს, პერსპექტიული გუნდია, რაც ბოლო წლებში დაამტკიცა. დარწმუნებული ვარ, ჯგუფში ერთ-ერთი ყველაზე რთული დაპირისპირება ხვალ გველის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი იქნება.

ესპანეთის ნაკრები გადახალისდა. ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე გვყავს, რომლებიც გამოცდილ ფეხბურთელებთან კარგად შეთამაშდნენ. ამ შემადგენლობით ახლახან ერთა ლიგა მოვიგეთ. თბილისში ეს დონე და ფეხბურთი კიდევ ერთხელ, გვინდა, ვაჩვენოთ.

ვიცით, რომ ძალიან რთულ შესარჩევ ჯგუფში მოვხვდით. ხვალ სამი ქულის მოპოვებაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. ლუის დე ლა ფუენტეს ხელმძღვანელობით ნაკრებმა წინ დიდი ნაბიჯი გადადგა“, – ამბობს როდრი.

ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ჯგუფში საქართველოსა და ესპანეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებების შეხვედრა 8 სექტემბერს 20:00 საათზე დაიწყება. მატჩის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.