ევგენი პრიგოჟინმა და მისმა ყველა მებრძოლმა დონის როსტოვში მდებარე სამხრეთის სამხედრო ოლქის შტაბი დატოვეს
ევგენი პრიგოჟინმა და მისმა ყველა მებრძოლმა დონის როსტოვში მდებარე სამხრეთის სამხედრო ოლქის შტაბი დატოვეს

კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა და მისმა ყველა მებრძოლმა დონის როსტოვში მდებარე სამხრეთის სამხედრო ოლქის შტაბი დატოვეს. აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს როსტოვის ოლქის გუბერნატორი. ამასთან, ვრცელდება ფოტო და ვიდეო მასალა, სადაც ჩანს, როგორ ტოვებს პრიგოჟინი სამხედრო შტაბს, მის ავტოკოლონას მხარდამჭერები შეძახილებითა და ტაშით აცილებენ.

ამასთან, სოციალურ ქსელებში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ როსტოვიდან გასვლისას ვაგნერის მებრძოლები ჰაერში ისვრიან. მათ ადგილობრივები შეძახილებით აცილებენ.

როგორც კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, მიღწეული შეთანხმების შედეგად ევგენი პრიგოჟინი ბელარუსში წავა, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნა შეწყდება.

შეგახსენებთ, „ვაგნერის“ მებრძოლებმა როსტოვის სამხედრო ობიექტები გუშინ გამთენიისას დაიკავეს. მოგვიანებით, მათ დაიკავეს სამხედრო ობიექტები ვორონეჟში და განაგრძობდნენ მოძრაობას მოსკოვისკენ. დღის ბოლოს ევგენი პრიგოჟინმა აუდიომიმართვა გაავრცელა, რომელშიც განაცხადა, რომ კოლონებს უკან აბრუნებდა სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად.

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს პრესსამსახურის ცნობით, „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა მიიღო ალექსანდრ ლუკაშენკოს შეთავაზება რუსეთის ტერიტორიაზე „ვაგნერის“ მებრძოლების გადაადგილების შეჩერებისა და დეესკალაციის შესახებ. აღსანიშნავია, რომ თავად ევგენი პრიგოჟინს გავრცელებულ აუდიომიმართვაში, ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები არ უხსენებია.