მათემატიკური ოლიმპიადა „ევერესტის“ ორგანიზებით საქართველოში უკვე მესამედ, 14 მარტს ყოველწლიური „მათემატიკის ფესტივალი“ ჩატარდება.
როგორც პირველ არხს „ევერესტის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან აცნობეს, ფესტივალში საქართველოს მასშტაბით 50-მდე საჯარო და კერძო სკოლები მონაწილეობს. სკოლის გუნდები მათემატიკის თემაზე შექმნილ სხვადასხვა პროექტს წარადგენენ.
ორგანიზატორების ცნობით, მათემატიკის ფეტივალზე ტარდება π რიცხვის კონკურსი. ყოველ წელს მოსწავლეები სულ უფრო მეტ რიცხვს იმახსოვრებენ. 2017 წელს გამარჯვებულმა 201 ციფრი დაიმახსოვრა;
ფესტივალის ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალის მიზანია მათემატიკის პოპულარიზაცია, სკოლების წარდგენა საზოგადოებისთვის, სასკოლო ცხოვრების გახალისება და გამრავალფეროვნება, მოსწავლეებში სწავლის მოტივაციის ამაღლება და კრეატიული იდეების წახალისება.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიება მთელს მსოფლიოში აღიარებულ მათემატიკურ დღესასწაულს, π-ს დღეს (π=3.14) ემთხვევა. პირველად ეს დღე 1987 წელს სანფრანცისკოს ხელოვნებისა და მეცნიერების მუზეუმში აღინიშნა.
2009 წლიდან ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა π-ს დღის ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადებას. ამის შემდეგ, ამ დღის აღნიშვნა მრავალ ქვეყანაში ტრადიციად იქცა.