„ევექსი ჰოსპიტლების“ ქსელი მზად არის, სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი კლინიკების გადატვირთვის შემთხვევაში, 700-მდე საწოლის მობილიზება უზრუნველყოს
„ევექსი ჰოსპიტლების“ ქსელი მზად არის, სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი კლინიკების გადატვირთვის შემთხვევაში, 700-მდე საწოლის მობილიზება უზრუნველყოს. ამის შესახებ ინფორმაციას „ევექსის“ ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პირველი ეტაპისთვის, კორპორაციამ თბილისსა და ქუთაისში სრულად აღჭურვილი 140-მდე საწოლი უკვე გამოყო.
„თბილისში ტრავმატოლოგიური ჰოსპიტალისა და ქუთაისში, ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალის სამედიცინო და ადმინისტრაციული პერსონალი ინფექციის კონტროლის შესაბამისი პროტოკოლების თანახმად გადამზადდა. აღნიშნულ კლინიკებში 13 სექტემბრიდან კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტების მიღება უკვე დაიწყო. „ევექსი ჰოსპიტლები“ კიდევ ერთხელ უხდის მადლობას ქსელში დასაქმებულ მედპერსონალს მოსახლეობის მხარდასაჭერად გამოხატული სრული მზაობისა და მაღალი პროფესიონალიზმისთვის“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ჰოსპიტლებში სამედიცინო პერსონალი სარეზერვო გუნდებად დაკომპლექტდა და სამკურნალო პროცესში მათი ეტაპობრივი ჩართვა მოხდება.
„ჰოსპიტლებში მკურნალობის პროცესი სახელმწიფოს მიერ დამტკიცებული ეროვნული პროტოკოლის მიხედვით განხორციელდება. 83 საწოლზე გაშლილი თბილისის ტრავმატოლოგიური ჰოსპიტალი არაინფექციური პროფილის პაციენტებისთვის დაიხურება, ხოლო ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში ცხელებიანი პაციენტებისთვის 51 საწოლზე გაშლილი სრული ერთი სართული გამოიყო, სადაც პაციენტების მიღება დამოუკიდებელი შესასვლელიდან მოხდება და მათი მართვა იზოლირებულ ბლოკ პალატებში გაგრძელდება.
ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალი არაინფექციური პაციენტებისთვის საჭირო სამედიცინო დახმარების აღმოჩენას ჩვეულ რეჟიმში, თუმცა პაციენტების მკაცრი ზონირების დაცვით განაგრძობს.
შეგახსენებთ, რომ „ევექსი ჰოსპიტლები“ იყო ერთ-ერთი პირველი სამედიცინო ქსელი ქვეყანაში, რომელმაც „კოვიდ-19“-ის პანდემიის პირველივე დღეებიდან დაინფიცირებული პაციენტების სამართავად ექვსი მსხვილი ჰოსპიტლის გამოყოფაზე მზაობა გამოთქვა. დღეს საქართველოში მომატებული შემთხვევებიდან გამომდინარე კორპორაცია კვლავ მზადაა, მოსახლეობის მხარდასაჭერად შესაბამისი ინფრასტრუქტურით და მედპერსონალით აღჭურვილი 700-მდე საწოლი ქვეყნის მასშტაბით გამოყოს“,- აცხადებენ „ევექსი ჰოსპიტლების“ ადმინისტრაციაში.