ევანგელური ეკლესია „სიცოცხლის სიტყვა“ ქრისტეს შობის დღესასწაულს აღნიშნავს. სპეციალურად ამ დღის აღსანიშნად შეკრებილი მრევლი, ლოცვასთან ერთად, თეატრალიზებულ წარმოდგენას მართავს და ქრისტეს შობას განასახიერებს.
სპეციალურად მომზადებული სიტყვით მრევლს უფლის ღვაწლისა და საქმის შესახებ პასტორი მიმართავს. საზეიმო ლოცვა მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება. ევანგელური ეკლესია „სიცოცხლის სიტყვა“ შობის დღესასწაულს თბილისში 1997 წლიდან აღნიშნავს.
„მინდა, მივულოცო მთელ საქართველოს ეს დღესასწაული. ლუკა მახარობელი ასე იწყებს აღწერას, რომ ანგელოზებმა თქვეს, თქვენთვის იშვა დავითის ქალაქში მხსნელი. ჩვენთვის, თითოეული პიროვნებისთვის, არამხოლოდ ქრისტიანებისთვის . ზოგჯერ ეშლებათ ადამიანებს, ჰგონიათ, რომ ქრისტე მხოლოდ ქრისტიანებისთვის დაიბადა. ქრისტე ყველასთვისაა, ვინც არ უნდა იყოს.
ეს მხსნელი, რომელიც დაიბადა მიწაზე, პატიების შედეგად იძლევა მშვიდობას. ჩემი დიდი სურვილი იქნება, საქართველოს მოსახლეობა დამშვიდდეს და ერთმანეთს შორის მშვიდობამ დაისადგუროს, რადგან ჩვენთვის, ქართველებისთვისაც დაიბადა მხსნელი დედამიწაზე, რომელსაც შეუძლია, მოიტანოს მშვიდობა. ეს შობა იყოს ერში ერთიანობის, დამშვიდების, შერიგების და მოიტანოს კაცთა შორის სათნოება. გილოცავთ ამ შობას, დამდეგ ახალ წელს და უფალმა გაკურთხოთ“, – აცხადებს საქართველოს „სიცოცხლის სიტყვის“ ეკლესიების უფროსი პასტორი მამუკა ჯებისაშვილი.