ქრისტეშობის დღესასწაული იზეიმეს ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიაში. სადღესასწაულო წირვა ეპისკოპოსმა როლფ სბარაისმა ჩაატარა. თბილისის კონსერვატორიის პედაგოგებმა შვიდი საშობაო სიმღერა შეასრულეს.
„ლუთერული ეკლესიის ტრადიციების თანახმად, ქრისტეშობის დღესასწაულს რამდენიმე დღე აღვნიშნავთ. ჩვენ წირვა დღეს რამდენიმე ენაზე – ქართულად, გერმანულად და რუსულად ჩავატარეთ. ვისაუბრეთ რწმენაზე და ხაზი გავუსვით ადამიანური ურთიერთობების აუცილებლობას“, – განაცხადა როლფ სბარაისმა.
საზეიმო ლიტურგიას საქართველოში გერმანიის ელჩი ერნსტ პეტერ ფიშერი ოჯახთან ერთად დაესწრო.
„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ქრისტეშობის დღესასწაულს ყველანი ერთად აღვნიშნავთ. მინდა, რომ ბედნიერება გისურვოთ და ყველას მოგილოცოთ ქრისტეშობის დღესასწაული“, – განაცხადა ელჩმა, ერნსტ პეტერ ფიშერმა.
საქართველოს ევანგელიურ-ლუთერული ეკლესია 1818 წელს დაფუძნდა. იგი საქართველოში 1000-მდე წევრს ითვლის და ექვს სამრევლოს აერთიანებს.