რუსუდან გოცირიძე - მშვიდობა, რომელიც დაიბადა ამ სამყაროში იესოს სახით, არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ეთნოსის, არამედ მთელი სამყაროს მომავლის იმედი
რუსუდან გოცირიძე - მშვიდობა, რომელიც დაიბადა ამ სამყაროში იესოს სახით, არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ეთნოსის, არამედ მთელი სამყაროს მომავლის იმედი

ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიაში ქრისტეშობის დღესასწაულს აღნიშნავენ.

მსახურება ზუსტად ღამის 00:00 საათზე დაიწყო. ეკლესია ჩაბნელდა, რის შემდეგაც ეკლესიაში სანთელი შემოიტანეს, როგორც შობის მანიშნებელი სინათლე.

ღვთისმსახურება საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა, რუსუდან გიცირიძემ შეასრულა.

„ყველას მინდა მივულოცო შობის დღესასწაული. ეს არის ნათლის დღესასწაული. ეს არის სამყაროში ნათლის დაბადების დღესასწაული. ეს ჩვენს ლიტურგიაში ბევრი ელემენტით იქნება გამოჩენილი“, – აღნიშნა რუსუდან გოცირიძემ.

რუსუდან გოცირიძემ განმარტა, თუ რატომ სრულდება ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიაში საშობაო წირვა სხვადასხვა ენაზე.

„დღევანდელ ღვთისმსახურებაზე დაახლოებით 17 ენაზე იქნება წაკითხული ანგელოზების საგალობელი – „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა“. გვინდა, რომ რაც შეიძლება ბევრ ენაზე ითქვას საგალობელი, რითაც ხაზს გავუსვამთ მშვიდობის გზავნილს. მშვიდობა, რომელიც დაიბადა ამ სამყაროში იესოს სახით, არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ეთნოსის, ან ერთი კონკრეტული რელიგიური თემის მომავლის იმედი, არამედ მთელი სამყაროს მომავლის იმედი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ იესოს დაბადება არის კოსმიური მოვლენა. ჩვენს ეკლესიას ჰყავს ქორეოგრაფიული დასი, რომელიც ნიჭის მიხედვით აჩვენებს ნათლის შემოსვლის ქორეოგრაფიულ ვერსიას. ეს ხდება ლიტურგიის დაწყებამდე, ვიდრე ღვთისმსახურები შემოვლენ ტაძარში“, – განაცხადა რუსუდან გოცირიძემ.

ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიაში ღვთისმსახურება დილამდე გაგრძელდება, რასაც საშობაო სპექტაკლი, ფესტივალი და საშობაო პურობა მოჰყვება.