ევა გოცირიძე - მოსარჩელე დეპუტატებს მინდა ვკითხო, აცნობიერებენ თუ არა, რომ სარჩელების დაკმაყოფილებას შეიძლება მოჰყვეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა
დღეს ვაპირებ გავარკვიო და დავუსვა მოსარჩელეებს რამდენიმე ძირითადი შეკითხვა, რა მოსაზრებებზე დაყრდნობით მიაჩნიათ მათ, რომ ისეთ დესტრუქციულ ნაბიჯს, როგორიცაა მანდატებზე უარის თქმა და მანდატის განხორციელებაზე თავის შეკავება, ექნება თუ არა კონსტიტუციური დასაყრდენი, – ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, ევა გოცირიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მას მოსარჩელეებთან რამდენიმე კითხვა აქვს.
„ძალიან მაინტერესებს თავად ფაქტების ლოგიკა – ყველამ ვიცით, რომ მოსარჩელეების ნაწილმა შეცვალა თავისი გადაწყვეტილება და შევიდა პარლამენტში. ეს გარემოება არაპირდაპირ მაინც ხომ არ მიუთითებს იმაზე, იყო თუ არა გონივრული მაშინდელი პარლამენტის გადაწყვეტილება, რომელმაც უარი თქვა უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტაზე, მათთვის მოფიქრების დრო რომ მიეცა და ჩვენ ვნახეთ, მართლაც შეიცვალეს აზრი. იმის გამო, რომ შევიდნენ პარლამენტში და არ წაიღეს კონსტიტუციური სარჩელები უკან, მაინტერესებს ვიკითხო, რა არის მათი ნამდვილი პოლიტიკური ნება, აცნობიერებენ თუ არა ისინი, რომ სარჩელების დაკმაყოფილებას შეიძლება მოჰყვეს მათი პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა და იმის შემდეგ, რაც ისინი პარლამენტში შევიდნენ, ხომ არ მოდის ამასთან წინააღმდეგობაში“, – განაცხადა ევა გოცირიძემ.
ცნობისთვის, ზურა გირჩი ჯაფარიძე, თამარ კორძაია და ელენე ხოშტარია საკონსტიტუციო სასამართლოსგან კვლავ ითხოვენ, არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს პარლამენტის გადაწყვეტილება, რომლითაც მოთხოვნის მიუხედავად, მათ არ შეუჩერეს დეპუტატის უფლებამოსილება.