ევა ბოჭორიშვილი - ლარი აშშ დოლარის მიმართ 2.8-ის ნიშნულთან დასტაბილურდება
ევა ბოჭორიშვილი - ლარი აშშ დოლარის მიმართ 2.8-ის ნიშნულთან დასტაბილურდება

ეროვნული ვალუტის კურსის ბოლოდროინდელი რყევები მთლიანად მოლოდინებთან არის დაკავშირებული და სავარაუდოდ, ლარი აშშ დოლარის მიმართ 2.8 ნიშნულის ფარგლებში დასტაბილურდება. ამის შესახებ საინვესტიციო კომპანია „გალტ ენდ თაგარტის“ კვლევების დეპარტამენტის უფროსმა, ევა ბოჭორიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობის დროს განაცხადა.

გადაცემაში რუსეთის მხრიდან შესაძლო სანქციების საქართველოს ეკონომიკაზე გავლენის საკითხი განიხილეს.

დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ ქართული ეკონომიკის რუსულ ბაზარზე დამოკიდებულება ბოლო ორი წლის განმავლობაში მზარდია და დაახლოებით 9-10 პროცენტის ფარგლებშია. დისკუსიის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს, რომ სასურველია, ეს შემცირდეს და ბაზრების მეტი დივერსიფიკაცია მოხდეს.

ევა ბოჭორიშვილის აზრით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ლარის მკვეთრი რყევა მთლიანად რუსეთთან დაკავშირებული პოტენციური რისკების მოლოდინმა გამოიწვია.

„რყევები, რაც ბოლო კვირაში გვაქვს და წინა კვირაშიც გვქონდა,  მთლიანად რუსეთის ფაქტორს უკავშირდება. წინა კვირაში ფრენების აკრძალვის დაანონსების შემდეგ ლარი ერთ დღეში დახლოებით 10 პუნქტით გაუფასურდა. შემდეგ ამ კვირაში სანქციების მოლოდინი მოჰყვა, რომელიც ამ ეტაპზე, მართალია არ განხორციელდა, თუმცა შესაძლოა, სხვა საშუალებით შეიზღუდოს ქართული ექსპორტი. ამანაც დამატებითი გავლენა მოახდინა და ლარის კიდევ 10 პუნქტიანი გაუფასურება მივიღეთ. თუმცა ვხედავთ, რომ ლარი ნელ-ნელა დასტაბილურდა. ჩვენი გათვლებით, მიუხედავდ იმისა, რომ ტურიზმიდან დანაკლისს ველოდებით და ზოგადად მოლოდინები გაუარესებულია, ჩვენ ასევე ვითვალისწინებთ, რომ იმპორტის კორექტირება მოხდება და საგარეო ბალანსის მნიშვნელოვან გაურესება არ მოხდება. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ლარი ერთი აშშ დოლარის მიმართ 2.8-ის ნიშნულთან ახლოს უნდა დასტაბილურდეს“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

მისი განმარტებით, რუსეთის მხრიდან სანქციების საკითხის გააქტიურებამდე, „გალტ ენდ თაგარტი“ ვარაუდობდა, რომ ლარის კურის 2.7-2.75-ის ფარგლებში დაფიქსირდებოდა, მაგრამ სანქციების დაანონსების შემდეგ უარყოფითი მოლოდინი გამძაფრდა და პროგნოზიც შეიცვალა.

„სანამ სანქციები დაანონსდებოდა, ჩვენ უფრო დაბალ კურსზე გვქონდა პროგნოზი – ერთი აშშ დოლარის მიმართ დაახლოებით 2.7-2.75-ის ფარგლებში, თუმცა ბოლო პერიოდის მოვლენებმა მოლოდინები გაამძაფრა. რაც  ბოლო პერიოდში ხდება, ძირითადად, მოლოდინებს უკავშირდება. მაგალითად, შარშან 2018 წლის აგვისტოში, როდესაც თურქული ლირა რეკორდულად გაუფასურდა, მაშინაც მოლოდინებიდან გამომდინარე, რადგან თურქულ ბაზარზე მნიშვნელოვნად ვართ დამოკიდებული, ლარი 10 პუნქტით გაუფასურდა. თუმცა შემდეგ დაბალ ნიშნულს დაუბრუნდა და შარშან მესამე კვარტალში პირველად დაფიქისრდა მიმდინარე ანაგრიშის პროფიციტი. წელს პირველ კვარტალში განახევრებულია მიმდინარე ანგარიშის ბალანსი და ჩვენი მოლოდინით, ეს ბალანსი მნიშვნელოვნად არ გაუარესდება. იმპორტის კორექციას ველოდებით, დათვლილი გვაქვს, რა უარყოფითი გავლენა შეიძლება მოხდეს ეკონომიკურ ზრდაზე. ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, ლარი 2.8-ის ფარგლებში უნდა დასტაბილურდეს“, – განმარტა ევა ბოჭორიშვილმა.