euvsdesinfo.eu აქვეყნებს სტატიას - საქართველოს 100-წლიანი ბრძოლა კრემლის დეზინფორმაციასთან
„საქართველოს 100-წლიანი ბრძოლა კრემლის დეზინფორმაციასთან“, – ამ სათაურით სტატიას ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ვებგვერდი – „ეუ ვიეს დეზინფო“ (euvsdesinfo.eu) აქვეყნებს.
სტატიაში ნათქვამია, რომ საბჭოთა რუსეთმა საქართველოს დამოუკიდებლობასთან და ევროპულ საგარეო კურსთან ბრძოლა 100 წლის წინ, დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან წამოიწყო.
„საქართველო იყო რუსეთის სამხედრო ინტერვენციისა და აგრესიული დეზინფორმაციული კამპანიის მსხვერპლი. „მოსკოვის პრავდაში“ გამოქვეყნებულ სტატიაში ბოლშევიკებმა საქართველოს პირველი რესპუბლიკის ლიდერ ნოე ჟორდანიას, საქართველოს ინგლისისთვის მიყიდვაში დასდეს ბრალი“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.
ვებგვერდზე გამოქვეყნებულია ამ ბრალდების შემცველი წერილიც.
ამავე დროს „ეუ ვს დეზინფო“ აღნიშნავს, რომ „საქართველო დღესაც რჩება რუსეთის დეზინფორმაციული კამპანიის სამიზნედ“ და ევროკავშირის სპეციალურმა დანაყოფმა „ასობით მსგავსი შემთხვევა გამოავლინა“.
„საქართველო კრემლის „საყვარელი“ სამიზნეა“, – ნათქვამია სტატიაში.
როგორც პუბლიკაციის ავტორები აღნიშნავენ, რუსეთის დეზინფორმაციული კამპანიის მთავარი გზავნილებია: „საქართველომ დამოუკიდებლობა დაკარგა“, „საქართველო აშშ-ის პროტექტორატია“, „საქართველო ფეოდალური წარმონაქმნია, რომელსაც დასავლეთი მართავს“, „საქართველო თურქეთის მონაა“.
„კრემლის ძირითადი ნარატივი უცვლელი რჩება: საქართველო დამოუკიდებელი შეიძლება იყოს მხოლოდ მაშინ, თუ ის მოსკოვზეა დამოკიდებული“, – აღნიშნავს ავტორი.
სტატიაში ნათქვამია, რომ კრემლის დეზინფორმაცია აგებულია ერთსა და იმავე გზავნილზე – დამოუკიდებლობის შელახვის საკითხზე, რომლის მორგებაც ნებისმიერ ეპოქაზე, პოლიტიკურ სიტუაციასა თუ ქვეყანაზეა შესაძლებელი.
„საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წელს აღადგინა და მას შემდეგ საქართველო რუსეთის აგრესიის მსხვერპლი რამდენჯერმე გახდა. ქვეყნის დიდ ნაწილს კვლავ კრემლი აკონტროლებს, მაგრამ 1920 წლის ნოე ჟორდანიას ევროპული გზის ხედვა საქართველოში კვლავ ცოცხლობს“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.