ეუთოს სადამკვირვებლო მისია - თურქეთში საარჩევნო კამპანია იყო კონკურენტუნარიანი, მაგრამ ახასიათებდა ძლიერი პოლარიზაცია, ფიქსირდებოდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტები
ეუთო-ს დამკვირვებლების შეფასებით, თურქეთში 14 მაისს ჩატარებულ არჩევნებზე ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა დაფიქსრიდა, რაც მისასალმებელია.
ეუთო-ს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ, საბოლოო ჯამში, წინასაარჩევნო კამპანია იყო კონკურენტუნარიანი, თუმცა ხასიათდებოდა ძლიერი პოლარიზაციით.
ეუთო-ს ერთ-ერთი წარმომადგენლის, მაიკლ ჯორჯ ლინკის განცხადებით, არჩევნების მიმდინარეობისას გარკვეული თვალსაზრისით პრობლემები იყო მედიაგაშუქების კუთხით.
„დამკვირვებლები გაოცებულები ვართ არჩევნებზე ამომრჩეველთა მაღალი აქტივობით. ამომრჩევლებს ჰქონდათ ალტერნატივა პოლიტიკურ ძალებს შორის, მაგრამ მმართველ პარტიას ჰქონდა გაუმართლებელი უპირატესობა, მათ შორის მედიაგაშუქების თვალსაზრისით. ჩვენი შეფასებით, თავის მხრივ, კამპანია იყო კონკურენტუნარიანი, მაგრამ ახასიათებდა ძლიერი პოლარიზაცია, ფიქსირდებოდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, ასევე ოპოზიციური პარტიების მიმართ დაშინებისა და ზეწოლის ფაქტები. საარჩევნო ადმინისტრაციამ ეფექტიანად გაართვა თავი არჩევნების პროცესს ტექნიკურად, მაგრამ იყო გამჭვირვალობის ნაკლებობა და კომუნიკაციაში ხარვეზები, ასევე ჩნდებოდა კითხვები მათ დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. საერთო ჯამში, ეს იყო კონკურენტუნარიანი, მაგრამ შეზღუდული არჩევნები, რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის დაკავებამ შეზღუდა სრული პოლიტიკური პლურალიზმი. სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ საარჩევნო პროცესში პოლიტიკური ჩარევა არ მოდის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში“, – განაცხადა მაიკლ ჯორჯ ლინკიმ.
ეუთო-ს კიდევ ერთი დამკვირვებლის, ფრენკ შვაბეს განცხადებით, თურქეთს დემოკრატიის მხრივ ძალიან ბევრი გამოწვევა აქვს.
„ქვეყანას ძალიან ბევრი დემოკრატიული გამოწვევა აქვს და ჩვენ არაერთი განცხადება გაგვიკეთებია, რაც ამაზე მიუთითებს. შთამბეჭდავი იყო ამომრჩეველთა აქტივობის ნახვა. ეს მაღალი აქტივობა ნიშნავს, რომ თურქეთის დემოკრატია საოცრად გამძლეა, მაგრამ თურქეთი ამავდროულად არ ასრულებს არჩევნების მთავარ პრინციპებს. ცენტრალური, პოლიტიკური და სამოქალაქო ლიდერები ციხეში არიან, მედიის თავისუფლება მკაცრად შეზღუდულია“, – განაცხადა შვაბემ.