ეუთო - თურქეთში ოპოზიციური პარტიები წინასაარჩევნო კამპანიის დროს არათანაბარ პირობებში იმყოფებოდნენ
თურქეთში ოპოზიციური პარტიები წინასაარჩევნო კამპანიისას აგიტაციის ჩასატარებლად, არათანაბარ პირობებში იმყოფებოდნენ. ამის შესახებ ნათქვამია ეუთო-ს მიერ თურქეთში ჩატარებული ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გამოქვეყნებულ წინასწარ ანგარიშში. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და მმართველი პარტია სარგებლობდნენ წინასაარჩევნო აგიტაციის გაუმართლებელი უპირატესობებით, მათ შორის მედიის გზით.
„შეზღუდვებმა, რომლებსაც თვალს ვადევნებდით ძირითადი თავისუფლებების მიმართებაში, გავლენა იქონია არჩევნებზე. ვიმედოვნებ, რომ თურქეთი რაც შეიძლება მალე აღმოფხვრის ამ დარღვევებს“, – განაცხადა თურქეთში ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, იგნასიო სანჩეს ამორმა.
24 ივნისს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად, რჯეფ თაიფ ერდოღანმა ხმების 52% დააგროვა. ერდოღანის მთავარმა მეტოქემ, „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ კანდიდატმა, მუჰარემ ინჯემ არჩევნებში მონაწილეთა ხმების 31% მიიღო. მან არჩევნების შედეგები აღიარა, თუმცა თავად არჩევნებს უსამართლო უწოდა.
რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებს, ქვეყნის 600 მანდატიან უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობის, 343 ადგილის მოპოვება სახალხო ალიანსმა შეძლო, საიდანაც მმართველმა „სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ“ ამომრჩეველთა ხმების 42,5 პროცენტი მიიღო. „ნაციონალისტური მოძრაობის პარტიამ“ კი 11,1. ისტორიული არჩევნების შემდეგ ქვეყანა საპრეზიდენტო მმართველობაზე გადადის, რაც რეჯეფ თაიფ ერდოღანისთვის უფლებამოსილების გაზრდას გულისხმობს.