მიმდინარე წლის 3 სექტემბერს, ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე საქართველოს მეგობართა ჯგუფმა, რომლის წევრებიც არიან – ბულგარეთი, კანადა, ჩეხეთი, ესტონეთი, ფინეთი, ირლანდია, ლატვია, ლიტვა, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, შვედეთი, უკრაინა, გაერთანებული სამეფო და აშშ – ერთობლივი განცხადება გაავრცელა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
საგარეო უწყების ცნობით, ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებული სამხედრო ინტერვენციიდან 12 წლის შემდეგ, საქართველოს ტერიტორიების მიმდინარე ოკუპაცია უკიდურესად შემაშფოთებელია. ჯგუფის წევრი სახელმწიფოები ხაზს უსვამენ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების აუცილებლობას, გაერო-ს ქარტიის, ჰელსინკის დასკვნითი აქტისა და საერთაშორისი სამართლის პატივისცემის საფუძველზე.
ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, სრულად შეასრულოს ევროკავშირის მედიაციით მიღწეული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, მათ შორის გაიყვანოს საკუთარი ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან.
საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ მეგობართა ჯგუფის წევრები შეშფოთებული არიან საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევების, მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობის, ასევე რუსეთის სამხედრო წვრთნების ზრდისა და სამხედრო ინფრასტრუქტურის გაძლიერების გამო.
მეგობართა ჯგუფის განცხადებაში გამოთქმულია ღრმა შეშფოთება გლობალური პანდემიის პირობებში რუსეთის, ცხინვალისა და სოხუმის რეჟიმების გახშირებულ პროვოკაციებზე. ამ კუთხით, ყურადღება გამახვილდა მავთულხლართების, სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვასა და ე.წ. გადასასვლელების ხანგრძლივ დახურვაზე, რაც ვითარების დესტაბილიზებას იწვევს და მკვეთრად უარყოფითი გავლენა აქვს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ ვითარებაზე, განსაკუთრებით ახალგორისა გალის რაიონებში.
საგარეო უწყების ცნობით, მეგობართა ჯგუფი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების გამო, მოქალაქეებს არ აქვთ წვდომა სასიცოცხლოდ აუცილებელ სამედიცინო სერვისებზე, რის გამოც, გასული წლის მანძილზე არაერთი ადამიანი დაიღუპა.
მეგობართა ჯგუფის წევრები განცხადებაში შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის დაჭრისა და დაკავების გამო, ასევე, ხაზს უსვამენ დაკავებულთან წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენელთა დაუბრკოლებელი დაშვების აუცილებლობას და ზაზა გახელაძის, ასევე, სხვა უკანონო დაკავებულთა დაუყოვნებლივ გათავისუფლების საჭიროებას.
„ჯგუფი ყურადღებით ადევნებს თვალს რუსეთის სამხედრო ბაზაზე დაკავებული საქართველოს მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების საქმეს. მეგობართა ჯგუფი, ასევე, გმობს საქართველოს მოქალაქეების – არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობებს და რუსეთის ფედერაციას, როგორც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში ეფექტური კონტროლის განმახორციელებელს, მოუწოდებს, არ შეუშალოს ხელი დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას.
ჯგუფის წევრები მხარს უჭერენ საქართველოს მიერ პრევენციული ზომების გატარებას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში დაუსჯელობის განცდის აღმოფხვრასა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუმჯობესების აუცილებლობას. ამ კონტექსტში, ისინი აღნიშნავენ საქართველოს მთავრობის მიერ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მიღებას.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ჯგუფის წევრები მიესალმებიან საქართველოს მიერ ევროკავშირის მედიაციით მიღწეული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებასა და საქართველოს ცალმხრივ ერთგულებას მის მიერ ძალის არ გამოყენების თაობაზე. ჯგუფის წევრები რუსეთის ფედერაციას მოუწოდებენ, გადადგას საპასუხო ნაბიჯი, დაადასტუროს და შეასრულოს ვალდებულება საქართველოს წინააღმდეგ ძალის არ გამოყენებასთან დაკავშირებით.
ჯგუფი მხარს უჭერს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებსა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმებს და ხაზს უსვამს ამ ფორმატებში პროგრესის მიღწევის აუცილებლობას.
ეუთო-ს მონაწილე ქვეყნები მხარს უჭერენ საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას და დაყოფილ ხალხთა შორის კონტაქტებისა და ნდობის ხელშეწყობას. ისინი მიესალმებიან პროგრამის საწყის ეტაპზევე მიღწეულ შედეგებს. ასევე, მიესალმებიან უკეთესი მომავლის სამშვიდობო ფონდის შექმნას და გამოთქვამენ მზადყოფნას, მხარი დაუჭირონ მის იმპლემენტაციას.
ჯგუფის წევრებმა დაადასტურეს, რომ „განაგრძობენ ინფორმაციის მიღებას კონფლიქტის და ადგილზე განვითარებული მოვლენების შესახებ, რუსეთს მოსთხოვენ ვალდებულებების შესრულებას და კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას უჭერენ მხარს“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.