ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, – ამის შესახებ ეუთო-ს საქართველოს მეგობართა ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადება გავრცელებულია ბულგარეთის, კანადის, ჩეხეთის რესპუბლიკის, დანიის, ესტონეთის, ფინეთის, ისლანდიის, ირლანდიის, ლატვიის, ლიეტუვის, ნორვეგიის, პოლონეთის, რუმინეთის, სლოვაკეთის, შვედეთის, უკრაინის, გაერთიანებული სამეფოს და აშშ-ის სახელით.
მასში დაგმობილია, საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის 2008 წლის აგრესია, საქართველოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რეგიონების მიმდინარე ოკუპაცია.
განცხადების თანახმად, საჭიროა, კონფლიქტის მშვიდობიანი გზებით მოგვარება საერთაშორისო სამართლის, მათ შორის გაერო-ს ქარტიის და ჰელსინკის საბოლოო აქტის საფუძველზე.
ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფი მიესალმება საქართველოს მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების შესრულებას და მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ შეასრულოს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვნოს ჯარების კონფლიქტის დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე, ასევე დაუშვას ჰუმანიტარული დახმარების წვდომა.
საქართველოს მეგობართა ჯგუფი მოუწოდებს რუსეთს უკან წაიღოს საქართველოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე.წ. აღიარების გადაწყვეტილება.
„ვგმობთ, აფხაზეთის სოფელ აიბღას ნაწილის რუსეთის კრასნოდარის მხარესთან მიერთების მცდელობას და გამოვთქვამთ შეშფოთებას გაგრაში 180 ჰექტარი მიწის მიტაცებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრები შეშფოთებას გამოხატავენ რუსეთს და აფხაზეთს შორის სოციალ-ეკონომიკური სივრცის შექმნისკენ მიმართულ მოქმედებებთან და სამხრეთ ოსეთთან ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმებასთან დაკავშირებით, ამ ფაქტებს უკანონო ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებად აფასებენ.
საქართველოს მეგობართა ჯგუფი აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო და სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს გმობენ და საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევად აფასებენ.
განცხადებაში მოყვანილია 2008 წლის ომთან დაკავშირებით, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ „სასამართლოს დადგენილებით, რუსეთმა ქართველი სამხედრო ტყვეები აწამა, თვითნებურად დააკავა და დახოცა ქართველი მშვიდობიანი მოქალაქეები, პასუხისმგებელი იყო მათ არაადამიანურ და ღირსების შემლახველ მოპყრობაზე; ხელი შეუშალა ეთნიკური ქართველების სახლებში დაბრუნებას; ვერ ჩაატარა გამოძიება მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობებზე“.
„ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს სრულად შეასრულოს განაჩენი, მათ შორის, იძულებით გადაადგილებულ პირების (დევნილების) უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნებით საკუთარ სახლებში. ჩვენ ასევე აღვნიშნავთ 2022 წლის ივნისის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) გადაწყვეტილებას, რომელმაც გასცა დაპატიმრების ორდერი 2008 წელს რუსეთის შეჭრის დროს ჩადენილი სავარაუდო სამხედრო დანაშაულებისთვის. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს ითანამშრომლოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან.
ჩვენ შეშფოთებულნი ვართ საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში ეთნიკური ნიშნით ქართველების მუდმივი დისკრიმინაციისა და დარღვევების გამო, მათ შორისაა გადაადგილების, განათლების, საცხოვრებელი და საკუთრების თავისუფლებასთან დაკავშირებული უფლებების მკაცრი შეზღუდვები, განსაკუთრებით დევნილთა სახლების დანგრევასთან დაკავშირებით. მოვუწოდებთ მათ, ვინც ადგილზე კონტროლს ახორციელებს, უზრუნველყონ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების სრული და შეუფერხებელი წვდომა საქართველოს რეგიონებში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ჩვენ ვგმობთ გადაწყვეტილებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ეთნიკურად ქართველებით დასახლებული გალისა და ახალგორის რაიონების სკოლებში ქართული ენის რუსულით სწავლების შეცვლის შესახებ. ჩვენ ასევე ვგმობთ ორივე რეგიონში ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიდან ქართული ნიშან-თვისებების წაშლას და შეცვლას.
ჩვენ განსაკუთრებით შეშფოთებულები ვართ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების და სხვა ხელოვნური ბარიერების დამონტაჟებით და საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონში ე.წ. ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გადაკვეთის პუნქტების სამ წელზე მეტი ხნის დაკეტვით. სამხრეთ ოსეთის გასწვრივ ე.წ. ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გადაკვეთის პუნქტების ნაწილობრივი და დროებითი ხელახალი გახსნა ოძისსა და ქარძმანში არ შეიძლება ჩაითვალოს დამაკმაყოფილებლად. საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებთან ყველა გადასასვლელი უნდა გაიხსნას გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრები საქართველოს ყველა მოქალაქისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ეუთო-ს საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრი ქვეყნების ერთობლივი განცხადების თანახმად, „იზოლაციამ და გადაადგილების თავისუფლების მუდმივმა შეზღუდვამ დესტაბილიზაცია მოახდინა ადგილზე და სერიოზულად იმოქმედა კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ რაიონებში მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოებაზე, კეთილდღეობაზე და ჰუმანიტარულ პირობებზე, განსაკუთრებით ახალგორის რაიონში, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას აწუხებს მედიკამენტების, საკვების დეფიციტი და არ აქვს წვდომა პენსიებზე და პირველ რიგში, მათ შორის უფასო ჯანდაცვის სერვისებზე, რომლებიც ხელმისაწვდომია საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე“.
ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფი ირაკლი ბებუას და სხვა დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს, ასევე გმობს ქრისტინე თაკალანძის, ასმათ თავაძის, მამუკა ჩხიკვაძის და კახაბერ ნათაძის დაკავებას.
საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრები გმობენ არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას და დავით ბაშარულის მკვლელობას და მოუწოდებენ რუსეთს, მოხსნას ნებისმიერი დაბრკოლება დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემისათვის. ჯგუფის წევრები საქართველოს პრევენციულ ნაბიჯებს მხარს უჭერენ, რომლებიც მიმართულია დაუსჯელობის აღმოსაფხვრელად და აღნიშნავენ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას.
„ჩვენ ხაზს ვუსვამთ პროგრესის აუცილებლობას დისკუსიების ძირითად საკითხებში, მათ შორის ძალის გამოუყენებლობის, საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო შეთანხმებების დამყარების და დევნილთა და ლტოლვილთა უსაფრთხო, ღირსეული და ნებაყოფლობითი დაბრუნების უზრუნველყოფის აუცილებლობას. საერთაშორისო სამართალთან“, – წერია განცხადებაში.
საქართველოს მეგობართა ჯგუფი მხარდაჭერას უცხადებს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობას.
„ჩვენ მივესალმებით საქართველოს მთავრობის მიერ „დეოკუპაციისა და კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების სახელმწიფო სტრატეგიის“ ყოვლისმომცველი „სახელმწიფო სტრატეგიის“ შემუშავების პროცესს, ასევე შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის სტრატეგიულ მიმოხილვას. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში მცხოვრები ადამიანების ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას და დაყოფილ თემებს შორის ნდობის აღდგენის ხელშეწყობას. ჩვენ მოვუწოდებთ აქტიურ მუშაობისკენ შერიგებისა და ჩართულობის პროგრამებზე და მზად ვართ მხარდაჭერისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.
ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფი მხარს უჭერს ეუთო-ს ჩართულობას და საქართველოში ეუთო-ს მისიის ხელახლა გახსნას, კონფლიქტის მშვიდობიანი დასრულების ძიების პროცესში.