ეუთო-ში აშშ-ის მისია მიესალმება საქართველოს მთავრობის ინიციატივას, რომლის მიზანია აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში ხალხის ცხოვრების დონის გაუმჯობესება
აშშ მიესალმება საქართველოს მთავრობის შეთავაზებათა პაკეტს, რომლის მიზანია აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში ხალხის ცხოვრების დონის გაუმჯობესება, – ამის შესახებ ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა, მიშელ საიდერსმა განაცხადა.
საიდერსის სიტყვით გამოსვლის ტექსტი აშშ-ის მისიის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
„მადლობას გიხდით რომ წარადგინეთ საქართველოს შეთავაზებების პაკეტი, რომლის მიზანია, საქართველოს რეგიონებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ხალხის ცხოვრების დონის გაუმჯობესება. აშშ მიესალმება ამ ზომებს, რომლებიც ეხმარება ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს მცხოვრები ყველაზე მოწყვლადი მოსახლეობის საჭიროებების დაკმაყოფილებას. ისინი უზრუნველყოფენ მზარდ შესაძლებლობებს ვაჭრობისთვის, მობილურობისთვის, გაუმჯობესებული საცხოვრებელი პირობებისა და განათლებაზე ხელმისაწვდომობისთვის“, – განაცხადა ეუთო-ში აშშ-ის მისიის წარმომადგენელმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით დონდუას გამოსვლის საპასუხოდ.
ამას გარდა, აშშ-ის მისიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აშშ მხარს უჭერს ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატს.
“აშშ კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს აღნიშნულ ფორმატს. 27-28 მარტს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 43-ე რაუნდზე აშშ-მა დაგმო საქართველოს მოქალაქის თებერვალში სამხრეთ ოსეთში დაკავებული არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკული გარდაცვალება და მისი ცხედრის დაბრუნების მიუღებელი გაჭიანურება. აშშ-ს დელეგაციამ მომხდარის სრული და გამჭვირვალე გამოძიება მოითხოვა“, – ნათქვამია განცხადებაში.
მიშელ საიდერსის თქმით, აშშ ითხოვს, რომ დიპლომატებსა და უფლებადამცველ ორგანიზაციებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უფრო დიდი წვდომა ჰქონდეთ, ვაშინგტონში ასევე მიიჩნევენ, აღნიშნულ ტერიტორიებზე შესვლის უფლება ეუთო-საც უნდა ჰქონდეს.
„თითქმის 10 წლის განმავლობაში რუსეთის ცდილობს, ალტერნატიული რეალობა შექმნას. მაშინ, როდესაც საქართველო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ მოსახლეობასთან ურთიერთობის შესაძლებლობებს ეძებს, რუსეთი ინარჩუნებს ურთიერთობებს ორი ფიქტიურ ქვეყანასთან მეზობელი სუვერენული სახელმწიფოს რეგიონების კონტროლისა და ოკუპაციისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ მუდმივი საბჭოსა და სხვა პლატფორმების გამოყენებას, რათა რუსეთს პასუხი ვაგებინოთ საერთაშორისო სამართლის დარღვევისთვის და ვამხილოთ რუსეთის მიერ სიმართლის დამახინჯებისა და ისტორიის გადაწერის მცდელობები. აშშ მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები ომამადელ პოზიციებზე 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების თანახმად და უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად თავისი აღიარება. აშშ სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – განაცხადა ეუთო-ში აშშ-ის მისიის წარმომადგენელმა.