ეუთო-ში აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ ეუთო-ს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე თბილისში ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები დაგმო
ეუთო-ში აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ელიზაბეთ როზენშტოკ-სილერმა ეუთო-ს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას თბილისში ბოლო დღეებში მომხდარი ძალადობა დაგმო.
„თავდასხმები განხორციელდა მემარჯვენე დაჯგუფებების მიერ 5-6 ივლისს, რათა ხელი შეეშალათ „თბილისი პრაიდის“ გამართვისთვის. თავდასხმები მიმართული იყო სამოქალაქო აქტივისტების, თემის წევრებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომლებიც მშვიდად ახორციელებდნენ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს. ხელისუფლება დიდწილად არ აკავებდა დაჯგუფებებს, რომლებიც თავს ესხმოდნენ მოქალაქეებს, ასევე შეიჭრნენ და დაარბიეს მოძრაობა „სირცხვილიას“, „ადამიანის უფლებათა ცენტრისა“ და „თბილისი პრაიდის“ ოფისები, თავს დაესხნენ პარლამენტთან ოპოზიციის მიერ დიდი ხნის წინ გაშლილ კარავს.
როგორც ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში, საქართველოს ლიდერებსა და სამართალდამცველებს აქვთ ვალდებულება და პასუხისმგებლობა, დაიცვან ყველა ქართველის გამოხატვისა და შეკრების კონსტიტუციური უფლებები, ადამიანის უფლებები და სასამართლოს წინაში პასუხი აგებინონ, ვინც ძალადობას ჩადის იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც საკუთარი უფლებებს მშვიდობიანად იყენებენ. საქართველოს ხელისუფლებას ასევე აქვს პასუხისმგებლობა, მაქსიმალურად დაიცვას ჟურნალისტები, რომლებიც თავიანთ სამუშაოს ასრულებენ, მოქალაქეები, როლებიც თავიანთ კონსტიტუციურ უფლებებს იყენებენ, საჯაროდ დაგმონ და გამოიძიონ მათ წინააღმდეგ ძალადობის აქტები. ყველა პიროვნებას საქართველოში აქვს უფლება, გამოხატოს თავისი შეხედულება, განურჩევლად იმისა, მიეკუთვნებიან ისინი უმრავლესობას თუ უმცირესობას. ეს შეესაბამება საქართველოს მრავალწლიან ისტორიას, ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის ტრადიციას. ყველა ადამიანი იბადება თანასწორი თავისი ღირსებითა და უფლებებით. საქართველოს, როგორც ეუთო-ს წევრი ქვეყანას, აქვს ვალდებულება, პატივი სცეს და დაიცვას საქართველოში ყველა ადამიანის უფლებები საერთაშორისო სამართლისა და ეუთო-ს ვალდებულებების შესაბამისად“, – განაცხადა ეუთოში აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ.